სოფო კილაძე: ყველაფერი უფლის ნებით ხდება, ეს არის დიდი გაფრთხილება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის პირველივე ტურში ვერგამარჯვება არის სახელისუფლებო გუნდის მიერ დაშვებული შეცდომების შედეგი.

“ამის არც ხალხზე და არც ნაცებზე გადაბრალება არ იქნება სწორი. მხოლოდ საკუთარი შეცდომების გაანალიზება და ამ ანალიზზე ადეკვატური რეაგირება, კონკრეტული, ხალხისთვის სასარგებლო შედეგის დადება იქნება საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ისევ დავიბრუნოთ საზოგადოების ნდობა.

ყველაფერი უფლის ნებით ხდება. ეს არის დიდი გაფრთხილება, რომ ჩვენ არ ავცდეთ ჭეშმარიტ გზას, რომელიც ხალხს სიკეთეს მოუტანს. ძალიან სწრაფი ტემპებით უნდა წავიდეთ წინ. რეფორმები და საქმის კეთება, მხოლოდ ეს უშველის ამ ქვეყანას”, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე “ქართული ოცნების” წევრი სოფო კილაძე.

დაშვებულ შეცდომებს უკავშირებს სალომე ზურაბიშვილის მიერ ნაჩვენებ შედეგს “ქართული ოცნების” კიდევ ერთი ლიდერი კახა კალაძეც.

“ქართულმა ოცნებამ” 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა არ წარადგინა და მხარი სრულად სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა. “ოცნებამ” საკუთარ შემომწირველებს მოუწოდა, თანხა სწორედ ზურაბიშვილისთვის შეეწირათ, რის შედეგადაც ზურაბიშვილს მილიონობით ლარი შესწირეს. მის კამპანიაში მმართველი პარტიის პოლიტიკური ელიტა იყო ჩართული, მათ შორის, მინისტრები და “ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. მმართველი პარტიის წევრთა ნაწილი, მათ შორის, ზაქარია ქუცნაშვილი, მიიჩნევდა, რომ “ქართულ ოცნებას” თავისი კანდიდატი უნდა წარედგინა და მხარი არ დაეჭირა დამოუკიდებელი კანდიდატისთვის.

ზურაბიშვილი – 38.63%; ვაშაძე – 37.74% – დათვლილია უბნების 99.95% – ცესკოს წინასწარი შედეგები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.