ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი უილიამ ჰეიგის თბილისში ვიზიტს საფრთხედ აღიქვამს

7 მაისი, 2014 • • 1183
სოხუმი უილიამ ჰეიგის თბილისში ვიზიტს საფრთხედ აღიქვამს

როგორც აფხაზეთის საგარეო უწყება აცხადებს, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს მოლაპარაკებები პირდაპირ კავშირშია აფხაზეთის ეროვნულ ინტერესებთან, პირველ რიგში კი, მის უსაფრთხოებასთან. 


“ყველანაირი საფუძველი არსებობს იმის სათქმელად, რომ დასავლეთმა სერიოზულად განიზრახა, რუსეთი და მისი მოკავშირეები უკრაინის მოვლენების გამო დასაჯოს. არ არის გამორიცხული, აფხაზეთი მალე დასავლეთის ქვეყნების ზეწოლის ქვეშ მოექცეს. მოვლენების ასეთი განვითარება სრულიად აწყობს საქართველოში არსებულ რევანშისტულ ჯგუფებს, რომლებიც ვერ ეგუებიან აფხაზეთის დამოუკიდებლობას და “სოხუმის დაბრუნების” იმედი აქვთ. 

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ნატო-ს ჯარების შეყვანის საკითხის განხილვა საქართველოს ინტერესებშია. არ არის გამორიცხული, ზოგიერთი “ჭკვიანი” თბილისში სიხარულით შეხვდეს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს ბაზები განლაგდეს, რასაც უკიდურესად ნეგატიური შედეგები მოყვება რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით,”- წერია აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

 

სოხუმი მიიჩნევს, რომ აფხაზეთისთვის აღნიშნული ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი თავდაცვის სფეროში რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავება და კოორდინაციის გაგრძელებაა.

 

“რესპუბლიკაში ყოველგვარი დესტაბილიზაციის მცდელობის აღსაკვეთად საჭიროა აფხაზურ-ქართულ საზღვარზე ჩვენი შეირაღებული ძალებისა და უშიშროების ორგანოების კოორდინირებული მოქმედება,”- წერია განცხადებაში. 

 

7-8 მაისს თბილისში ოფიციალური ვიზით დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანი, უილიამ ჰეიგი ჩამოდის.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, მის ქართველ კოლეგასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან. ოფიცალური ინფორმაციითვე, შეხვედრებზე განიხილავენ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, რეგიონალური და ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევებს.

 

უილიამ ჰეიგის ვიზიტს თბილისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მორიგ მკაფიო მხარდაჭერად აღიქვამს. 

 

უილიამ ჰეიგი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
უილიამ ჰეიგი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი