ახალი ამბები

ვაშაძე 38.5% , ზურაბიშვილი 37.6% – ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები

29 ოქტომბერი, 2018 • 2024
ვაშაძე 38.5% , ზურაბიშვილი 37.6% – ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები

“სამართლიანმა არჩევნებმა” პარალელური დათვლის შედეგები წარადგინა. ISFED-ის პარალელური დათვლით, გრიგოლ ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში 38.5% აიღო, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა – 37.6%.

ორგანიზაციის თქმით, პარალელურ დათვლის შედეგებში 7 ყველაზე რეიტინგული კანდიდატის მონაცემი გამოვლინდა. დანარჩენ კანდიდატებს ელექტორატის 1%-ზე ნაკლებმა მისცა ხმა.

ISFED-ის დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 46.6% შეადგინა (+/- 0.8%-იანი სანდოობის ინტერვალით). ამ მონაცემების მიხედვით, ვაშაძის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს 37.5%-სა და 39.5%-ს შორის, ხოლო სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი – 36.7%-სა და 38.5% ინტერვალშია.

თუმცა,  “სამართლიანი არჩევნები” დასძენს, რომ სტატისტიკურად, თანაბარი ალბათობით არის შესაძლებელი, რომ შედეგი იყოს ინტერვალის ნებისმიერ წერტილში. იმის გათვალისწინებით, რომ ორი კანდიდატის შედეგების ინტერვალები ერთმანეთს კვეთს, „სამართლიან არჩევნებს“ არ შეუძლია დარწმუნებით თქვას, თუ რომელი კანდიდატი არის პირველ ადგილზე და რომელი მეორეზე.

“სამართლიანი არჩევნები” 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს მთელ საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა. ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 800 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან.

არჩევნების დღეს ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებდა 15 ოპერატორისა და 10 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები. „სამართლიანი არჩევნები“ მადლობას უხდის სადამკვირვებლო მისიაში ჩართულ თითოეულ დამკვირვებელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი