ახალი ამბები

დავით უსუფაშვილი ზურაბ ჯაფარიძეს მხოლოდ 34 ხმით უსწრებს

29 ოქტომბერი, 2018 • 2898
დავით უსუფაშვილი ზურაბ ჯაფარიძეს მხოლოდ 34 ხმით უსწრებს

განახლება: მონაცემები განახლდა 10:50 საათზე

“გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, 35 971 ამომრჩევლის ხმა (2.26%) მიიღო. ეს არის 29 ოქტომბრის დილის 10:50 საათის მონაცემები. ამ დროისათვის დათვლილია საარჩევნო უბნების 99.95%.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც “გირჩი” ან მისი წარმომადგენელი დამოუკიდებლად, ამ პარტიის სახელით მონაწილეობს არჩევნებში. ზურაბ ჯაფარიძემ თითქმის იმდენივე ხმის მიღება შეძლო, რამდენიც დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ხმა მისცა 36 005-მა ამომრჩეველმა, რაც ჯაფარიძის ამომრჩევლების რაოდენობაზე სულ რაღაც 34 ხმით მეტია. ჯაფარიძესა და უსუფაშვილს კი მნიშვნელოვნად აჯობა შალვა ნათელაშვილმა, რომელსაც ხმა 59 805-მა ამომრჩეველმა (3.76%) მისცა.

ზურაბ ჯაფარიძე საარჩევნო კამპანიისას აქცენტს აკეთებდა ახალგაზრდებზე. ის აქტიურად ეწევა მარიხუანის დეკრიმინალიზაციისა და ლეგალიზაციის კამპანიას. სწორედ გირჩმა მოიგო საკონსტიტუციო სარჩელი, რომლის შედეგადაც მარიხუანის მოხმარებაზე ნებისმიერი სასჯელი გაუქმდა. გარდა ამისა, “გირჩის” მიერ დაფუძნებულმა რელიგიურმა ორგანზიაცია “ბიბლიურმა თავისუფლებამ” ათასობით ახალგაზრდას, რომლებსაც სავალდებულო სამსახურის გავლა არ სურდა, ამ ვალდებულებისგან თავის დაღწევის მექანიზმი შესთავაზა.

დანარჩენი საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ მიღებული ხმების შესახებ კი შეგიძლიათ გაიგოთ აქ:

ზურაბიშვილი – 38.63%; ვაშაძე – 37.74% – დათვლილია უბნების 99.95% – ცესკოს წინასწარი შედეგები

მასალების გადაბეჭდვის წესი