ახალი ამბები

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მაქსიმუმ 2 დეკემბრამდე უნდა გაიმართოს

29 ოქტომბერი, 2018 • 2517
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მაქსიმუმ 2 დეკემბრამდე უნდა გაიმართოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თქვა, რომ ცესკოს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოსაცხადებლად აქვს მაქსიმალური – 20-დღიანი ვადა. სწორედ საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 2 კვირის ვადაში უნდა დაინიშნოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. შესაბამისად, მეორე ტური მაქსიმუმ 2 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს. თუმცა, შესაძლოა, მეორე ტური უფრო ადრეც ჩატარდეს და ეს დამოკიდებულია ცესკოს მიერ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებაზე.

29 ოქტომბრის დილის 9 საათის მონაცემებით, დათვლილია საარჩევნო უბნების 99.57%. წინასწარი შედეგების მიხედვით, კანდიდატების შედეგები (სამეული) ასე გადანაწილდა:

  • სალომე ზურაბიშვილი – 38.66% (614 964 ხმა);
  • გრიგოლ ვაშაძე- 37.7% (599 662 ხმა);
  • დავით ბაქრაძე – 10.97% (174 555 ხმა);

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში სულ პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობდა. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას მმართველი პარტია “ქართული ოცნება” უჭერდა მხარს.

მესამე ადგილზე გასულმა დავით ბაქრაძემ უკვე თქვა, რომ მეორე ტურში მხარს დაუჭერს”გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს.

საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობამ 46.74% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე 1 637 956 ამომრჩეველი მივიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი