ახალი ამბები

სურათი არის ასეთი, რომ დაგვჭირდება მეორე ტური – კობახიძე

28 ოქტომბერი, 2018 • 4721
სურათი არის ასეთი, რომ დაგვჭირდება მეორე ტური – კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარტია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ელის. მისი თქმით, ცესკოსა და ეგზიტპოლების შედეგები აცდენილია.

მისი თქმით, უკვე დათვლილია 1 000 უბანი და ზურაბიშვილი ლიდერობს, თუმცა კანდიდატს გამარჯვებისთვის “ცოტა დააკლდა”. პარლამენტის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, საიდან აქვს ინფორმაცია, რომ დათვლილ უბნებზე “ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ლიდერობს.

“ყოველი მეორე მხარს უჭერს ქართულ ოცნებას, თუმცა დაგვაკლდა ცოტა იმისათვის, რომ პირველ ტურში გაგვემარჯვებინა, თუმცა დღევანდელი სურათი არის ასეთი, რომ დაგვჭირდება მეორე ტური. ჩვენ ვართ დარწმუნებული მეორე ტურში გამარჯვებაში.

…ცესკოს მონაცემები არის აცდენილი ორივე ეგზიტპოლს. ამას შეიძლეა ჰქონდეს თავის მიზეზები და ამას ჩავეძიებით. სურათი არის ის, რომ ეგზიტპოლზე პასუხს არ სცემდა ამომრჩეველთა, დაახლოებით, 44%”, თუ არ ვცდები და ეს უნდა იყოს მიზეზი, რომ არის გარკვეული აცდენა”, – თქვა მან.

“ცესკო” პირველად შედეგებს 02:00-ზე გაასაჯაროვებს, თუმცა უწყებამ უკვე დაიწყო ცალკეული ოქმების გამოქვეყნება საკუთარ ვებგვერდზე.

მანამდე კი, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების სამი ეგზიტპოლი გამოქვეყნდა. კვლევები “ქართული ოცნების”, “რუსთავი2”-ისა და “ევროპული საქართველოს” დაკვეთით ჩატარდა.

მმართველი პარტიის მონაცემებით, ზურაბიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს, “რუსთავი2”-ის მიხედვით ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს თანაბარი შედეგი აქვთ, “ევროპული საქართველოს” ეგზიტპოლით კი, არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს.

სამივე ეგზიტპოლის შედეგები ერთად

მასალების გადაბეჭდვის წესი