ხმაური ახალქალაქის საოლქო კომისიაში – მობილიზებულია პოლიცია

ხმაურია ახალქალაქის საოლქო კომისიაში, სადაც საარჩევნო უბნებიდან ოქმები შეაქვთ. მას შემდეგ, რაც ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა, ყოფილმა დეპუტატმა მეგი გოცირიძემ 40-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე გაყალბებაში დაადანაშაულა,  პოლიცია გამოიძახეს.

მანამდე ამავე ოლქში ენმ-ის წარმომადგენელმა თეონა ჭალიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ოლქის თავმჯდომარემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა ოლქის თავმჯდომარის თქმით, მან 58-ე უბნიდან შემოსული ოქმი გადაარჩინა, რომლის დახევაც ჭალიძეს სურდა.

ორივე შემთხვევაში ადგილზე გამოიძახეს პოლიცია და, როგორც შსს-ში განუცხადეს “ნეტგაზეთს”, ტარდება წინასაგამოძიებო ღონისძიებები.

“დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემდეგ ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაციით გაგრძელდება მოკვლევა”, – აცხადებს შსს.

დიდი ოდენობით პოლიციელები არიან მობილიზებული ოლქის შენობის წინაც.

28 ოქტომბერს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა. ცესკოს ცნობით, პირველადი შედეგები 29 ოქტომბერს, 02.00 საათისთვის გამოქვეყნდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი