ახალი ამბები

საოლქო საარჩევნო კომისიებში 364 საჩივარი შევიდა – ცესკო

28 ოქტომბერი, 2018 • 1484
საოლქო საარჩევნო კომისიებში 364 საჩივარი შევიდა – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა.

ცესკო-ს პრესსპიკერ ანა მიქელაძის თქმით, საერთო ჯამში, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 364 საჩივარი. საჩივრები ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ დაიწერა და ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს.

“ამ ხარვეზების ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა. ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა არის კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. ასევე, ორ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების გაბათილება”, – განაცხადა მიქელაძემ.

სხვადასხვა პროცედურული ხარვეზებს შორის მიქელაძემ გამოყო შემდეგი:

  •  მარნეულის №52-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა წარმომადგენლის მხრიდან საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის მცდელობა. კომისიის გადაწყვეტილებით, წარმომადგენელმა საარჩევნო უბანი დატოვა;
  • ქუთაისის №49-ე, №110-ე და ბათუმის №6-ე საარჩევნო უბნებზე ასევე დაფიქსირდა კომისიის მუშაობაში ხელის შეშლის მცდელობა, თუმცა სიტყვიერი გაფრთხილებების შემდეგ ინციდენტები აღმოიფხვრა;
  • ახალქალაქის №49-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ცდილობდა პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემას. კომისიამ არ მისცა მას ხმის მიცემის შესაძლებლობა;
  • ნინოწმინდის №26-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელს არ უშვებდა საარჩევნო უბანზე, თითქოს დამკვირვებელს ჰქონდა ყალბი მოწმობა. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დამკვირვებელმა შეძლო უბანზე შესვლა.
  • გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარნეულის №18-ე საარჩევნო უბანზე 4-მა ამომრჩეველმა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ვადაგასული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით.

“ერთ შემთხვევაში, ამომრჩეველი მივიდა ვადაგასული პირადობის მოწმობით და ცდილობდა ხმის მიცემას. მას შემდეგ, რაც კომისიის მიერ ამომრჩეველს განემარტა, რომ ის ხმას ვერ მისცემდა აღნიშნული დოკუმენტით, ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს მოქალაქის პასპორტის საშუალებით. დანარჩენ 3 შემთხვევაში  ამომრჩევლებს ჰქონდათ უვადო პირადობის მოწმობები, შესაბამისად, მათ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს, ანა მიქელაძის ინფორმაციით, სულ შემოვიდა 1 746 ზარი და 497 შეტყობინება ონლაინ-ჩათის მეშვეობით. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო უბნის მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი