ახალი ამბები

საარჩევნო უბნები დაიხურა

28 ოქტომბერი, 2018 • 1017
საარჩევნო უბნები დაიხურა

საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა.

ხმის მიცემის პროცედურა 20:00 საათზე დასრულდა.

ცესკო-ს ინფორმაციით, სულ გახსნილი იყო 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 – საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი. ორი საარჩევნო უბანი გახსნილი იყო ავღანეთში იქ მოსამსახურე ქართველი სამხედროებისთვის, სადაც  კენჭისყრა უკვე ჩატარდა და აღნიშნული ხმები  28 ოქტომბერს, საქართველოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ ითვლება.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად, გაიმართა თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური მაჟორიტარული არჩევნები 6 საარჩევნო უბანზე, სადაც, ჯამში, რეგისტრირებულია 7 925 ამომრჩეველი.

საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 125 მედიაორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი.

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა 25 კანდიდატი, მათ შორის 19 – პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი.

საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტს დღეს 6 წლით ვადით და პირდაპირის წესით უკანასკნელად ირჩევენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი