ახალი ამბები

სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის შემთხვევებზე საუბრობენ

28 ოქტომბერი, 2018 • 1104
სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის შემთხვევებზე საუბრობენ

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან, აცხადებენ, რომ რამდენიმე უბანზე ამომრჩეველთა მოსყიდვის შესაძლო შემთხვევები დააფიქსირეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, სამგორში #56-ე უბანთან, ეზოში მობილიზებულნი არიან კოორდინატორები, რომლებიც სავარაუდოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას.

ორგანიზაციის განცხადებით, დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ ხმის მიცემის შემდგომ, უბნიდან გასული ამომრჩეველი მივიდა კოორდინატორებთან და აჩვენა მობილური ტელეფონი (სავარაუდოდ ტელეფონში არსებული ფოტო), რის შემდგომ მას კოორდინატორმა სავარაუდოდ თანხა გადასცა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტები შეიცავს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ნიშნებს.

ბორჯომის #10 უბანზე კი საიას დამკვირვებელმა დაინახა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მიერ ამომრჩევლისათვის სავარაუდოდ თანხის გადაცემის ფაქტი.  ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საიას დამკვირვებელმა გაიგონა, როგორ უთხრა ოცნების წარმომადგენელმა მოქალაქეს, რომ ამ თანხით ლუდი ეყიდა მისთვის.

გარდა ამისა, საიას განცხადებით, ვაკის #13 უბნის გარეთ დილიდან დგას ჯიპის მარკის ავტომანქანა, რომელსაც უბნიდან გასული ამომრჩეველი აკითხავს.

მსგავსი ტენდენცია დააფიქსირა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომაც” (TI). ორგანიზაციის  ინფორმაციით, გურჯაანში ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ამომრჩეველს თანხა გადასცა.

“მე-12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის მე-2 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს გარეთ გაჰყვა სადამკვირვებლო ორგანიზაციი,ს „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირის” დამკვირვებელი, რომელმაც თანხა გადასცა მას. ეს პირი არ უარყოფს ფულის გადაცემის ფაქტს,” – აცხადებს TI-ის დირექტორი ეკა გიგაური.

ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვაზე ინფორმაცია გაავრცელა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც”. პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, მათ ხელში ჩაუვარდათ ჟურნალი, სადაც ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების გვერდით მიწერილი იყო თანხა, რომელიც მათი აზრით, ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ უნდა გადაეხადათ:

“დუშეთში, ჟინვალის 47 -ე საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების აქტივისტებს ჩამოვართვით ეს სია, სადაც ხედავთ კონკრეტულ გვარებზე კონკრეტული თანხა აქვთ მიწერილი”, – ამბობს მელია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი