ახალი ამბები

კომისიის ინფორმაციით, ინგირის №94-ე უბანზე ბიულეტენების ჩაყრა არ მომხდარა – ცესკო

28 ოქტომბერი, 2018 • 1417
კომისიის ინფორმაციით, ინგირის №94-ე უბანზე ბიულეტენების ჩაყრა არ მომხდარა – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არ დასტურდება “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდში, ინგირის №94-ე საარჩევნო უბანზე ზედამხედველმა კომისიის წევრმა საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი ჩააგდო.

“ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია. კომისიის წევრებმა დაწერეს ახსნა-განმარტებები. კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ერთ-ერთი კომისიის წევრი იყო ამავე უბნის ამომრჩეველი და მან თავად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. მათი ინფორმაციით, ყუთში ბიულეტენების ჩაყრას ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესპიკერმა ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება საარჩევნო პროცესში გამოვლენილ სხვა ხარვეზებს, მიქელაძის თქმით, ბოლნისის 4 საარჩევნო უბანზე, კერძოდ №27-ე, №34-ე, №35-ე და №36-ე უბნებზე, სუბიექტის წარმომადგენლები ერეოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობაში და მათ  გაფრთხილება მიიღეს.

“3 უბანზე აღმოიფხვრა პრობლემა, ხოლო №27-ე უბანზე, იქიდან გამომდინარე, რომ გაგრძელდა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობა, კომისიამ წარმომადგენელს დაატოვებინა უბანი.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალქალაქის №46-ე უბანზე კომისიის წევრს თავმჯდომარემ ტელეფონი გაუტეხა. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია. კომისიის წევრს ჰქონდა მცდელობა, რომ გადაეღო არასაჯარო ინფორმაცია. მცირე გაუგებრობის შემდეგ ვითარება გაირკვა და ამ ეტაპზე ხმის მიცემის პროცესი დაბრკოლების გარეშე მიმდინარეობს. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდუბის №28-ე საარჩევნო უბანზე დაიკარგა ბიულეტენები. აღნიშნული ინფორმაცია გადავამოწმეთ და  სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ამომრჩევლებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ საარჩევნო უბნის მისამართი გაიგონ ცესკოს ვებ-გვერდის საშუალებით, სადაც ისინი ონლაინ შეძლებენ დამატებითი ინფორმაციის მიღებას. აღნიშნული ინფორმაციის მიღება ამომრჩეველს ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც შეუძლია, რომელიც დღეს უწყვეტად მუშაობს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია – 2 51 00 51; ასევე, მუშაობს ონლაინ ჩათი.

მასალების გადაბეჭდვის წესი