ახალი ამბები

შსს მარნეულის ინციდენტზე: დაკავებულია ჩხუბში მონაწილე ორი პირი

28 ოქტომბერი, 2018 • 1046
შსს მარნეულის ინციდენტზე: დაკავებულია ჩხუბში მონაწილე ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 112-ში შევიდა შეტყობინება მარნეულის რ-ნის სოფ. იმირიდან 59-ე საარჩევნო უბანში კომისიის წევრის ცემასთან დაკავშირებით.

უწყების ინფორმაციით, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ფერან კარაევსა და პარტია “ქართული ოცნების“ წევრ ხალადინ ჰუსეინოვს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, საარჩევნო უბანზე სამართალდამცველები გამოცხადდნენ.

“პოლიციის არაერთი მოთხოვის მიუხედავად, დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი, არ დაემორჩილნენ, რის გამოც ორივე მხარის წარმომადგენელი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით”, – აცხადებს შსს. 

სამართალდამცავი უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.

59-ე საარჩევნო უბანზე მყოფმა ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ჯეიხუნ ჰუსეინოვი უბანზე შესულ ამომრჩეველს ხმამაღლა მოუწოდებდა, რომ შემოეხაზათ ნომერი 48, რაზეც ოპოზიციის წარმომადგენელმა რამდენჯერმე შენიშვნა მისცა. ამის შემდეგ “ოცნების” წარმომადგენელმა ოპოზიციონერი გარეთ გაიყვანა და ხელი დაარტყა.

“ოცნების” წევრმა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს ხელი დაარტყა – დამკვირვებელი

მასალების გადაბეჭდვის წესი