ახალი ამბები

TI აცხადებს, რომ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი გამოავლინა

28 ოქტომბერი, 2018 • 1085
TI  აცხადებს, რომ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი გამოავლინა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, გურჯაანში ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ამომრჩეველს თანხა გადასცა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, პირველ საათამდე ორგანიზაციის დამკვირვებლებმა 50-მდე დარღვევა დააფიქსირეს.  დაფიქსირებულ დარღვევებზე ორგანიზაციას ამ დრომდე 4 საჩივარი აქვს დაწერილი. TI-ში აცხადებენ, რომ თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნევა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების მობილიზება, რაც დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევა იყო გურჯაანში.

“მე-12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის მე-2 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს გარეთ გაჰყვა სადამკვირვებლო ორგანიზაციი,ს „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირის” დამკვირვებელი, რომელმაც თანხა გადასცა მას. ეს პირი არ უარყოფს ფულის გადაცემის ფაქტს,” – აცხადებს TI-ის დირექტორი ეკა გიგაური.

ორგანიზაციის მიერ გასაჯაროებულ მნიშვნელოვან დარღვევებში მოხვდა ნინოწმინდაში, საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის არშეშვება. TI-ის ინფორმაციით, 41-ე ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის მე-2 საარჩევნო უბანზე და 56-ე ჭიათურის საარჩევნო ოლქის 26-ე უბანზე გარკვეული დროის განმავლობაში კომისიის თავმჯდომარეები უბანზე არ უშვებდნენ დამკვირვებლებს.

რაც შეეხება პროცედურულ დარღვევებს, ორგანიზაციამ რეგისტრატორის მიერ ბეჭდის არასწორი გამოყენების ერთი შემთხვევა და კომისიის წევრის მიერ ფუნქციათა გადასანაწილებელ წილისყრაზე უარის თქმის სამი ფაქტი გამოავლინა.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს 350 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 300 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 45 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.

მასალების გადაბეჭდვის წესი