ახალი ამბები

TI ზუგდიდის #94 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს

28 ოქტომბერი, 2018 • 1228
TI  ზუგდიდის #94 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ზუგდიდის #94 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს. TI-ში აცხადებენ, რომ საქმე ეხება არჩევნების სავარაუდო გაყალბების შემთხვევას.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მათმა დამკვირვებელმა დაინახა, თუ როგორ ჩააგდო საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა.

TI-ის მტკიცებით, პროტესტის გამოხატვის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა უბნის გარეთ გაიყვანეს დამკვირვებელი და სთხოვეს თვალი დაეხუჭა ამ ფაქტზე.

“ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაინტერესდეს ამ შემთხვევით და მიიღოს შესაბამისი ზომები,”-აცხადებს TI-ის დირექტორი ეკა გიგაური.

მისივე თქმით, პირველი საათისთვის ორგანიზაციას 4 საჩივარი აქვს დაწერილი. TI-ის ინფორმაციით, თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნევა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების მობილიზება, რაც დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს 350 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 300
საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 45 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.

მასალების გადაბეჭდვის წესი