ახალი ამბები

საიამ 10 საათისთვის 10 საჩივარი დაწერა

28 ოქტომბერი, 2018 • 1418
საიამ 10 საათისთვის 10 საჩივარი დაწერა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 10 საათისთვის 10 საჩივარი და 2 შენიშვნა აქვს დაწერილი. საიას თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, ამ დროისთვის მათი დამკვირვებლების მიერ ძირითადად პროცედურული დარღვევებია დაფიქსირებული.

“დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად,~ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა უბნის გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად,” – აცხადებს სულხან სალაძე.

მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დარღვევა სამგორის #78 უბანში მოხდა.  ამომრჩეველმა ბიულეტენი გაიტანა, რაც საიას შეფასებით, დარღვევაა.

საიას ცნობით, ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის თანახმად, ბორჯომის #8 უბანზე აგიტაციის შემთხვევა იყო. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი დამკვირვებლები- ივანე ზედგენიძე და საბა ღონღაძე, რომლებიც “ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისთვის” წარმომადგენლები არიან, უბანზე სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო სიმბოლიკით გამოცხადდნენ. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საუბნო კომისიის თავმჯდომარემ ორივე მათგანს საარჩევნო უბანი დაატოვებინა.

საიას ცნობით, დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ სიმბოლიკიანი ჟილეტები მათ “ქართული ოცნების” ოფისში მისცეს. საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წინასაარჩევნო აგიტაცია აკრძალულია.

საიას ინფორმაციით, თბილისში რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” საუბნო კომისიის წევრებმა უარი თქვეს, მონაწილეობა მიეღოთ გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრის შესარჩევად ჩატარებულ წილისყრაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კრწანისის #9 უბანზე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიაში დანიშნულმა კომისიის წევრმა სცადა წილისყრით გამოვლენილი გადასატანი ყუთის გამყოლი წევრის ფუნქცია კომისიის სხვა წევრისთვის გაეცვლა. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ კი მან წილისყრით გამოვლენილი ფუნქცია შეასრულა და გაჰყვა გადასატან ყუთს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნებს თბილისსა და ქვეყნის 9 რეგიონში აკვირდება. საპრეზიდენტო არჩევნებზე საიას 400 დამკვირვებლი ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი