ახალი ამბები

ქორიძე ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულზე: ამნისტიამ მას მსჯავრი 7.4 წლით შეუმცირა, პრეზიდენტმა – 1.1 წლით

28 ოქტომბერი, 2018 • 2755
ქორიძე ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულზე: ამნისტიამ მას მსჯავრი 7.4 წლით შეუმცირა, პრეზიდენტმა – 1.1 წლით

გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულთან დაკავშირებით შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე განცხადებას ავრცელებს. საქმე ეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც წარსულში ნასამართლევი ი.ნ. პრეზიდენტმა შეიწყალა.

მისი თქმით, კომისიამ ი.ნ.-ზე დადებითი რეკომენდაცია მართლაც გასცა, თუმცა ასევე განმარტავს, რომ პრეზიდენტმა მას მხოლოდ სასჯელის ვადა შეუმცირა და ის მისი გადაწყვეტილების საფუძველზე არ გათავისუფლებულა. მანამდე, პატიმრობის ხანგრძლივობა ი.ნ.-ს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებითა და ამნისტიის კანონის ძალითაც შეუმცირდა.

“გორში 25 ოქტომბერს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულის საქმე შეწყალების კომისიამ განიხილა 2016 წლის დეკემბერში. ის სასჯელს იხდიდა 2008 წლის 29 სექტემბრიდან ძარცვისა და ყაჩაღობის მუხლებით: მას მსჯავრი დაედო ძარცვის ერთ ეპიზოდზე და ყაჩაღობის ერთ ეპიზოდზე. მას მიესაჯა 18 წელი და 4 თვე. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრი შეუმცირა 17 წლამდე და 4 თვემდე. 2012 წლის ამნისტიის კანონით მსჯავრი შეუმცირდა 10 წლამდე, ანუ სასჯელი შეუმცირდა 7 წლით და 4 თვით.

მისი საქმის განხილვის დროს მას მოხდილი ჰქონდა 8 წელი და 3 თვე. მოსახდელი რჩებოდა 2 წელი და 3 თვე”, – ნათქვამია განცხადებაში.

ზვიად ქორიძე განმარტავს, რატომ გასცა კომისიამ ი.ნ.-ზე დადებითი რეკომენდაცია. მისი თქმით, საპატიმროდან ი.ნ.-ს დადებითი დახასიათება, სასჯელის დიდი ნაწილი კი უკვე მოხდილი ჰქონდა; ამავე დროს, გამოძიებისას და მსჯავრის მოხდისას იყო წამების მსხვერპლი:

“ი.ნ.-ს საპატიმრო დაწესებულებიდან ჰქონდა დადებითი დახასიათება; მოხდილი ჰქონდა სასჯელის ძალიან დიდი ნაწილი; ჯანმრთელობის ცნობასა და ფსიქოლოგის დასკვნაში არაფერი იყო  ნათქვამი რაიმე ტიპის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემასა და აგრესიულ ხასიათზე, რასაც შეეძლო საზოგადოებისთვის ზიანი მოეტანა; სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ დოკუმენტებში დადასტურებული იყო, რომ მსჯავრის მოხდის დროს (2008 წლიდან) იგი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

ამ მასალების განხილვისას კომისიის წევრთათვის დამატებით ისიც გახდა ცნობილი, რომ მანამდეც  (2004-2007) გამოძიების ეტაპზეი.ნ. ასევე იყო წამების მსხვერპლი, რასაც თავის ყოველწლიურ ანგარიშში მოიხსენიებდა სახალხო დამცველი.

პრეზიდენტმა არ გაიზიარა  კომისიის რეკომენდაცია სრულ გათავისუფლებასთან დაკავშირებით და  ი.ნ.-ს დარჩენილი საპატიმრო სასჯელიდან მხოლოდ 1 წელი და 1 თვე ჩამოაკლო.”, – აცხადებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე.

რა ვიცით 9 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულზე

მასალების გადაბეჭდვის წესი