ახალი ამბებისაზოგადოება

პროტესტი კარვებით – აქტივიზმი მსოფლიოში, რომელსაც საქართველოში ზღუდავენ

28 ოქტომბერი, 2018 • 3983
პროტესტი კარვებით – აქტივიზმი მსოფლიოში, რომელსაც საქართველოში ზღუდავენ

რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძესა და მის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს პოლიცია კარვების გაშლის საშუალებას რამდენიმე კვირაა არ აძლევს. ამის გამო 26 ოქტომბერს მომხდარი დაპირიპირებისას სარალიძე დააკავეს. 27 ოქტომბერს კი სამართალდამცავებმა მისი მხარდამჭერების მიერ დადგმული ორი მცირე ზომის კარავი აშალეს. არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რომ ამით სახელმწიფო ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და “შეკრებისა და მანიფესტაციის” შესახებ კანონს არღვევს.

კარვებით პროტესტი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ახლო წარსულში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობებისა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის, დასავლეთის ქვეყნებში. ზოგიერთ შემთხვევაში, საპროტესტო კარვები ხალხმრავალ ქუჩებზე თვეებისა და წლების მანძილზე იდგა ისე, რომ მათ აშლას არავინ ცდილობდა. აშშ-ში კი ისეც მოხდა, რომ თეთრი სახლის წინ ათწლეულების წინ გაშლილი კარავი ახლაც დგას. “ნეტგაზეთი” წარმოგიდგენთ რამდენიმე ცნობილ პროტესტს კარვების გამოყენებით.

ვაშინგტონის მშვიდობის კარავი – 37-წლიანი პროტესტი

უკვე 37-ე წელია, თეთრი სახლიდან აშშ-ის პირველ პირი, მისი პერსონალი თუ სტუმრები თეთრი სახლის ერთ-ერთი მხრიდან თეთრი ფერის კარავს ხედავენ. საპროტესტო და ამავე დროს, მშვიდობის კარავი აქ 1981 წელს გაჩნდა და უკვე არაერთი ბინადარი გამოიცვალა.

მისი დამფუძნებელი ბირთვული იარაღის მოწინააღმდეგე აქტივისტი უილიამ ტომასია. მას სჯეროდა, რომ ეს იქნებოდა ყველაზე ხანგრძლივი ომის საწინააღმდეგო პროტესტი აშშ-ის ისტორიაში. ასეც მოხდა.

მშვიდობის კარავი ვაშინგტონში. ფოტო: abc

2009 წელს, დამფუძნებლის გარდაცვალების შემდეგ, კარავი ჩაიბარა მშვიდობის კიდევ ერთმა აქტივისტმა, ქონსეფსიონ ფიქიოტომ, რომელიც აქ მანამდეც, ათწლეულების მანძილზე ცხოვრობდა. 2016 წლის იანვრიდან კი, როცა ისიც გარდაიცვალა, კარავს სხვა აქტივისტები ამაგრებენ, რათა დაშლას გადაარჩინონ.

შესაბამისმა სამსახურებმა კარავი მხოლოდ ერთხელ, 2013 წლის დეკემბერში დაშალეს, უმოქმედობის საბაბით, თუმცა აქტივისტები სწრაფად მობილიზდნენ და კონსტრუქცია იმავე დღეს აღადგინეს. ის დღემდე ადგილზეა.

100-დღიანი მწვანე პროტესტი კარვებით ბუდაპეშტის პარკის გადასარჩენად

2016 წლის მარტში უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტის ცენტრალური პარკი გარემოს დამცველმა აქტივისტებმა დაიკავეს. ისინი ადგილზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც პარკში ხეების ჭრა დაიწყო მთავრობის ე.წ. მუზეუმების კვარტლის პროექტის განსახორციელებლად.

საპროტესტო კამპანიის მონაწილეებს მიაჩნდათ, რომ პარკში შენობების განთავსება ქალაქის მწვანე საფარს ზიანს მიაყენებდა და ცენტრალური პარკის ფლორასა და ფაუნას საფრთხეს შეუქმნიდა. მათ არ სჯეროდათ კერძო კომპანიის დაპირებისაც, რომ ტერიტორიაზე მეტი ხე აღარ მოიჭრებოდა.

პროტესტი ბუდაპეშტის ცენტრალურ პარკში. ფოტო: Ligetvédők

პროტესტი მცირერიცხოვანმა ჯგუფმა დაიწყო, თუმცა დროთა განმავლობაში ის გაიზარდა. აქციამ მალე მიიღო ბანაკის ფორმა – აქტივისტებმა კარვები გაშალეს, რომლებშიც დასახლდნენ, თავისუფალ დროს კი – ღამის საათებში და შაბათ-კვირას- მათ სხვა ადამიანებიც უერთდებოდნენ და რიგი ღონისძიებებიც ეწყობოდა.

საბოლოოდ, სასამართლოს ნებართვის საბაბით, პოლიციამ ბანაკი დაშალა, თუმცა მანამდე კონსტრუქციები პარკში 100 დღის მანძილზე იყო გამაგრებული. მწვანე აქტივისტები სამართალდამცავთა ქმედებას უსამართლოდ მიიჩნევენ და დღემდე განაგრძობენ პროტესტს სხვადასხვა ფორმით.

3-თვიანი პროტესტი ისრაელში და კარავი, როგორც აქტივიზმის სიმბოლო

2011 წლის ივლის-ოქტომბრის პერიოდი ისრაელში მასობრივი პროტესტით აღინიშნა. ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში სოციალური სამართლიანობის, ხარისხიანი სერვისების, მათ შორის ჯანდაცვისა და განათლების მოთხოვნით, ასევე მაღალი გადასახადების წინააღმდეგ გამოვიდა.

პროტესტი ფეისბუქზე დაიგეგმა, რის შემდეგაც რამდენიმე ასეული ადამიანი თელ-ავივში, ერთ-ერთ საკვანძო როტშილდის ბულვარში გავიდა, კარვები გაშალა და იქვე გამაგრდა. მალე პროტესტმა ბევრად მასშტაბური და პერმანენტული სახე მიიღო. კარვების ქალაქები გაიშალა დედაქალაქისა და სხვა დიდი ქალაქების მთავარ ქუჩებზეც და აქტივიზმის ეს ფორმა პროტესტის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა.

აქციის მონაწილეს სძინავს კარვების ქალაქში, თელ ავივში. ფოტო: EPAABIR SULTAN

პროტესტმა ქვეყნის პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების დიდი ნაწილის აქტიური მხარდაჭერა დაიმსახურა. აქტივისტთა მოთხოვნებს თელ-ავივის მერიც იზიარებდა და იმასაც აცხადებდა, რომ აქციის მონაწილეებს ჰქონდათ უფლება, ქალაქში კარვები გაეშალათ.

თელ-ავივის საკვანძო ბულვარიდან ბოლო კარავი პოლიციამ 2011 წლის ოქტომბერში აიღო. ჯამში, კარვების ქალაქი ადგილზე 3 თვის განმავლობაში იყო გაშენებული.

“დაიკავე ლონდონი” – კარვები ქალაქის ცენტრსა და სხვა ადგილებში

“დაიკავე ლონდონი” სოციალური სამართლიანობის მოთხოვნით აშშ-ში დაწყებული კამპანიის – “დაიკავე ვოლ სთრითი” – ნაწილი იყო. “კარვების ქალაქი ქალაქში” – ასე მოიხსენიებდა მას ტელეკომპანია CNN  და პროტესტის პირველ დღეებში იუწყებოდა, რომ ლონდონის ცენტრში 150-ზე მეტი კარავი იყო გაშლილი.

მას შემდეგ, რაც ლონდონის ბირჟასთან დაბანაკება ვერ შეძლეს, აქციის მონაწილეებმა კარვების ქალაქი ლონდონის ცენტრში, სენტ პაულის კათედრალთან გაშალეს, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობაა.

"დაიკავე ლონდონი" - პროტესტი სენტ პაულის კათედრალთან. ფოტო: EPA/BOGDAN MARAN

“მთავრობა ხალხის მიერ და ხალხისათვის და არა მსხვილი ბანკებისათვის” – აცხადებდა საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი წევრი. პოლიცია აქტივისტებს გარკვეული მიმართულებებით გაფართოების საშუალებას არ აძლევდა, თუმცა კარვების ქალაქთა რიცხვი დროთა განმავლობაში მაინც გაიზარდა.

აქციის მონაწილეთა ბანაკები შესაბამისმა უწყებებმა სხვადასხვა დროს დაშალეს – ორი ბანაკი, მათ შoრის, სენტ პაულთან ახლოს, თებერვლის თვეში აიღეს, აქტივისტთა წინააღმდეგობის მიუხედავად. კარვების კიდევ ერთმა ქალაქმა კი გაცილებით ხანგრძლივი დროის მანძილზე იარსება – ის სამართალდამცავებმა ივნისში დაშალეს.

ანტისამთავრობო პროტესტი და საკნების ქალაქი თბილისში

კარვების ქალაქები თბილისის უახლეს  ისტორიასაც ახსოვს. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური 2009 წლის გაზაფხულის ანტისამთავრობო გამოსვლები იყო. ოპოზიციის მხარდამჭერები 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ დემონსტრაციაზე შეიკრიბნენ, რომელიც რამდენიმე თვის მანძილზე გაგრძელდა. პროტესტის დაწყებიდან მალევე რუსთაველის გამზირზე დაიდგა როგორც კარვები, ისე ე.წ. საკნები, სადაც აქციის მონაწილეები ცხოვრობდნენ. პროტესტის ორგანიზატორთა შორის არაერთი პოლიტიკოსი დღეს მმართველი გუნდის წევრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი