ახალი ამბები

თბილისში, იპოდრომთან, m²-ის კომპლექსთან ხეებს ჭრიან

27 ოქტომბერი, 2018 • 1679
თბილისში, იპოდრომთან, m²-ის კომპლექსთან ხეებს ჭრიან

თბილისში, იპოდრომთან, გივი კარტოზიას ქუჩაზე, სამშენებლო კომპანია m²-ის კომპლექსთან, ხეებს ჭრიან.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ცნობით, საუბარია “დაავადებულ და გამხმარ ხეებზე”.

როგორც მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, შესაბამისი ნებართვა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გასცა.

უწყების ინფორმაციით, საკომპენსაციო ნერგები უკვე მოტანილია, ხოლო ნაწილი — უკვე ჩანაცვლებული, “რაც მოიჭრა, იმაზე ბევრად მეტი”.

მათივე ცნობით, ნარგავები სამწლიანი მოვლა-პატრონობის ვალდებულებით ირგვება. თუ ახალი ნარგავი სამი წლის განმავლობაში გახმა, კომპანია ვალდებულია, ნარგავი ჩაანაცვლოს და სამწლიანი ვადის ათვლა თავიდან დაიწყება.

მათივე ცნობით, ნარგავების ზომა 2.5 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დაგვიდასტურა, რომ ხეები მათი ნებართვის საფუძველზე მოჭრეს. მათივე ცნობით, ხეების ჭრა გუშინ, 26 ოქტომბერს დაიწყო, და, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება.

“ნეტგაზეთმა” სცადა გაერკვია, რამდენ ხეზეა საუბარი, თუმცა ამ ეტაპზე საქალაქო სამსახურისგან ეს ინფორმაცია ვერ მივიღეთ. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გარეკანის ფოტო: ნატა ფერაძის ფეისბუკის გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი