ახალი ამბები

“ძალა ერთობაშია”: ჰიპოთეტურად, თუ II ტურში გავიდა, ბაქრაძეს დავუჭერთ მხარს

27 ოქტომბერი, 2018 • 2218
“ძალა ერთობაშია”: ჰიპოთეტურად, თუ II ტურში გავიდა, ბაქრაძეს დავუჭერთ მხარს

გაერთიანებული ოპოზიციის (კოალიცია “ძალა ერთობაშია”) საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე “ევროპული საქართველოს” კითხვის პასუხად ამბობს, რომ ჰიპოთეტური დაშვებით, II ტურში “ევროპული საქართველოს” კანდიდატ დავით ბაქრაძეს დაუჭერენ მხარს, როგორც შეთანხმებულები იყვნენ, თუმცა მათი მოლოდინით, თავიანთი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, პირველივე ტურში იმარჯვებს.

“საზოგადოებრივი განწყობით და ბოლო პერიოდში ჩატარებული მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის კვლევებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ერთპიროვნულად ლიდერობს საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის და მაღალი ალბათობით, პირველივე ტურში იმარჯვებს. რაც შეეხება ჰიპოთეტურ დაშვებას, მეორე ტურში ევროპული საქართველოს კანდიდატის მხარდაჭერის თაობაზე, ვაცხადებთ, რომ დავუჭერთ მხარს და ველით იგივე, მკაფიო, ნათელ განცხადებას მათგან და სხვა ოპოზიციური პარტიებისგან”, — განაცხადა შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს ამ დილას საჯაროდ ჰკითხა, დაუჭერდა თუ არა მეორე ტურში მხარს დავით ბაქრაძეს — “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატს.

ბოკერიამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ამ საარჩევნო კამპანიაში “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის პრინციპულ საკითხზე განსხვავებები კიდევ უფრო გაღრმავდა, ვრჩებით ენმ-სთან შეთანხმების ერთგულიო.

საუბარია შეთანხმებაზე ევროპის სახალხო პარტიის ქოლგის ქვეშ, რომლის თანახმადაც პარტიები ერთმანეთს ჰპირდებიან, რომ თუ მეორე ტურში გავლენ, ერთმანეთის კანდიდატებს დაუჭერენ მხარს.

ბოკერიამ განაცხადა, რომ ენმ-სგან “მკაფიო პასუხს” ითხოვდა: “არ მივიღებთ იმ პასუხს, — “იცით რა მე ვიქნები მეორე ტურში”.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა გრიგოლ ვაშაძის შტაბში დაუკავშირდა პარლამენტარ რომან გოცირიძეს, რომელმაც ბოკერიას საპასუხოდ გვითხრა:

“ჩვენ არასდროს დაგვიყენებია “ევროპულ საქართველოსთან” შეთანხმება ეჭვქვეშ და მისი რევიზია არ მოგვიხდენია”. გოცირიძის თქმით, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე “სპეკულაციას” “არავითარი აზრი არა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე გადის”.

ბოკერია ვაშაძეს: დაუჭერთ თუ არა მხარს ბაქრაძეს მეორე ტურში?

მასალების გადაბეჭდვის წესი