ბოკერია ვაშაძეს: დაუჭერთ თუ არა მხარს ბაქრაძეს მეორე ტურში?

ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს ეკითხება, დაუჭერს თუ არა მეორე ტურში მხარს დავით ბაქრაძეს — “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატს.

ბოკერიამ დღეს განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ამ საარჩევნო კამპანიაში “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის პრინციპულ საკითხზე განსხვავებები კიდევ უფრო გაღრმავდა, ვრჩებით ენმ-სთან შეთანხმების ერთგულიო.

საუბარია შეთანხმებაზე ევროპის სახალხო პარტიის ქოლგის ქვეშ, რომლის თანახმადაც პარტიები ერთმანეთს ჰპირდებიან, რომ თუ მეორე ტურში გავლენ, ერთმანეთის კანდიდატებს დაუჭერენ მხარს.

“მინდა ახლა კითხვით მივმართო გრიგოლ ვაშაძეს და მთელ მის გუნდს, მის პოლიტიკურ ხემძღვანელ სააკაშვილს და ყველას, ვინც იქ არის. ველით კონკრეტულ პასუხს. როდესაც დავით ბაქრაძე გავა მეორე ტურში ამ არჩევნებზე, რომელიც ხვალ შედგება, დაუჭერს თუ არა გრიგოლ ვაშაძე მას მხარს მეორე ტურში”?

ბოკერიამ განაცხადა, რომ ენმ-სგან “მკაფიო პასუხს” ითხოვდა: “არ მივიღებთ იმ პასუხს, — “იცით რა მე ვიქნები მეორე ტურში”.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა გრიგოლ ვაშაძის შტაბში დაუკავშირდა პარლამენტარ რომან გოცირიძეს, რომელმაც ბოკერიას საპასუხოდ გვითხრა:

“ჩვენ არასდროს დაგვიყენებია “ევროპულ საქართველოსთან” შეთანხმება ეჭვქვეშ და მისი რევიზია არ მოგვიხდენია”. გოცირიძის თქმით, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე “სპეკულაციას” “არავითარი აზრი არა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე გადის”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.