ახალი ამბები

დავით ბაქრაძე: მზად ვართ, თავდებში ჩავუდგეთ ზაზა სარალიძეს

27 ოქტომბერი, 2018 • 1708
დავით ბაქრაძე: მზად ვართ, თავდებში ჩავუდგეთ ზაზა სარალიძეს

“ევროპული საქართველოს” საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ პარტია მზადაა, თავდებში ჩაუდგნენ გუშინ დაკავებულ ზაზა სარალიძეს და შსს-ს მისი გამოშვებისკენ მოუწოდებს.

კანდიდატი, პარტიის პრესრელიზის თანახმად, გუნდთან ერთად მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, “გაითვალისწინოს საპარლამენტო უმცირესობის თავდებობა”.

“ჩვენი საზგოგადოების და თითეული ჩვენგანის ვალდებულებაა, არ დავუშვათ ზაზა სარალიძის დაპატიმრება არ დავუშვათ დაპატიმრება იმ ადამიანის რომელსაც ებრძვის სახელმწიფო რომელსაც უსამართლოდ ექცევა სახელიმწიფო მანქანა და სისტემა და ვინც და ვისი ოჯახიც არის მსხვერპლი იმ უზნეობის რომელიც დღეს ჩამოაყალიბა ქართულმა ოცნებამ”, — განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, სარალიძის განთავისუფლება იქნება “მორალური შვება, მათ შორის იმ პოლიციელის და მისი ოჯახისთვისაც, ვისი შეურაცხოყოფის საბაბითაც დღეს ხელისუფლება ცდილობს დააპატიმროს ზაზა სარალიძე და ამ გზით მოიშოროს თავიდან ის უსამართლობა და ის ძალიან დიდი ტკივილი, რომელიც საზოგადოებაში დატოვა დათო სარალიძის მკვლელობის გამოუძებლობამ და მკვლელების ხელის დაფარებამ”.

 რატომ დააკავეს სარალიძე და რას ედავებიან მას? 

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, სარალიძე გუშინ, შუადღისას, პარლამენტის შენობასთან დააკავეს.

დაკავებამდე მას პოლიციამ კარვის გაშლაში შეუშალა ხელი, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია. ამ დროს სარალიძე პოლიციელებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. დაკავების შემდეგ პოლიციაში სარალიძე შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. უწყებამ მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.

ზაზა სარალიძესთან ერთად ასევე დააკავეს მისი ორი თანხმლები პირი. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული, რაც პოლიციელის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ზაზა სარალიძე 10 თვეზე მეტია მისი შვილის, დავით სარალიძის მკვლელების პოვნასა და დასჯას ითხოვს, რაც ამ დრომდე არ გაკეთებულა. შვილმოკლული მამა რამდენიმე თვეა ამ მოთხოვნით პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებს მართავს. მას სამართალდამცავები კარვის გაშლის საშუალებასაც არ აძლევდნენ, რაც არაერთხელ გააკრიტიკეს როგორც ომბუდსმენმა, ისე უფლებადამცველებმა. მათი თქმით, პროტესტის გამოხატვისას კარვის გაშლა კანონიერია და ეს უფლება სარალიძეს არ უნდა შეეზღუდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი