ახალი ამბები

სარალიძის მხარდამჭერებს პოლიციამ კარავი წაართვა[LIVE]

26 ოქტომბერი, 2018 • 1742
სარალიძის მხარდამჭერებს პოლიციამ კარავი წაართვა[LIVE]

რუსთაველის გამზრიზე, სადაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ კარვის კონსტრუქცია მიიტანეს და მისი გაშლა სცადეს, რასაც პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.

სამართალდამცავებმა აქტივისტებს კონსტრუქცია წაართვეს და პოლიციის მანქანაში მოათავსეს. აქციის მონაწილეები პოლიციის ამ ქმედებას პროტესტით შეხვდნენ, რასაც თან შეხლა-შემოხლა ერთვოდა. როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარის შედეგად  დაკავებული არავინაა. ინციდენტისას შეუძლოდ გახდა აქციის მონაწილე ქალი, რომელსაც დახმარება ჯერ სხვა აქტივისტებმა აღმოუჩინეს, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

რამდენიმე საათით ადრე აქციის მონაწილეებმა ადგილზე სხვა, უფრო მცირე ზომის კარავი გაშალეს, თუმცა აღნიშნულს პოლიციის წინააღმდეგობა არ მოჰყოლია.

ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან 19:00-ზე დაიწყო. პარლამენტის შენობასთან აქტივისტებთან ერთად სარალიძის დედა და მალხაზ მაჩალიკაშვილი იმყოფებიან. აქციაზე ასევე გამოჩნდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის, პრეზიდენტობის კანდიდატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები.

რატომ დააკავეს სარალიძე და რას ედავებიან მას?

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს, შუადღისას, პარლამენტის შენობასთან დააკავეს. დაკავებამდე მას პოლიციამ კარვის გაშლაში შეუშალა ხელი, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია. ამ დროს შვილმოკლული მამა პოლიციელებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. დაკავების შემდეგ პოლიციაში სარალიძე შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. უწყებამ მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.

ზაზა სარალიძესთან ერთად ასევე დააკავეს მისი ორი თანხმლები პირი. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული, რაც პოლიციელის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ზაზა სარალიძე 10 თვეზე მეტია მისი შვილის, დავით სარალიძის მკვლელების პოვნასა და დასჯას ითხოვს, რაც ამ დრომდე არ გაკეთებულა. შვილმოკლული მამა რამდენიმე თვეა ამ მოთხოვნით პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებს მართავს. მას სამართალდამცავები კარვის გაშლის საშუალებასაც არ აძლევდნენ, რაც არაერთხელ გააკრიტიკეს როგორც ომბუდსმენმა, ისე უფლებადამცველებმა. მათი თქმით, პროტესტის გამოხატვისას კარვის გაშლა კანონიერია და ეს უფლება სარალიძეს არ უნდა შეეზღუდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი