ახალი ამბები

სარალიძის მხარდამჭერთა ნაწილმა პარლამენტთან კარავი მიიტანა[LIVE]

26 ოქტომბერი, 2018 • 1883
სარალიძის მხარდამჭერთა ნაწილმა პარლამენტთან კარავი მიიტანა[LIVE]

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად რუსთაველის გამზრიზე, პარლამენტის შენობასთან აქცია დაიწყო.

შეკრებილები სოლიდარობას უცხადებენ დავით სარალიძის მამას, რომელიც დღეს, შუადღისას, პარლამენტის შენობის მიმდებარედ დააკავეს.

აქტივისტთა ნაწილმა პარლამენტის წინ მცირე ზომის კარავი მიიტანა და გაშალა. დაკავებამდე, სწორედ კარვის გაშლაში შეუშალა პოლიციამ ზაზა სარალიძეს ხელი, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია. ამის შემდეგ შვილმოკლული მამა პოლიციელებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. დაკავების შემდეგ პოლიციაში სარალიძე შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. უწყებამ მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.

ზაზა სარალიძესთან ერთად ასევე დააკავეს მისი ორი თანხმლები პირი. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული, რაც პოლიციელის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ზაზა სარალიძე 10 თვეზე მეტია მისი შვილის, დავით სარალიძის მკვლელების პოვნასა და დასჯას ითხოვს, რაც ამ დრომდე არ გაკეთებულა. შვილმოკლული მამა რამდენიმე თვეა ამ მოთხოვნით პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებს მართავს. მას სამართალდამცავები კარვის გაშლის საშუალებასაც არ აძლევდნენ, რაც არაერთხელ გააკრიტიკეს როგორც ომბუდსმენმა, ისე უფლებადამცველებმა. მათი თქმით, პროტესტის გამოხატვისას კარვის გაშლა კანონიერია და ეს უფლება სარალიძეს არ უნდა შეეზღუდოს.

ვიდეო ▶ პარლამენტთან ზაზა სარალიძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი