ახალი ამბები

ოპოზიცია ზაზა სარალიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

26 ოქტომბერი, 2018 • 1477
ოპოზიცია ზაზა სარალიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ზაზა სარალიძის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა “ევროპული საქართველოდან”, დავით ბაქრაძემ დღეს, 26 ოქტომბერს, პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ სარალიძე ხელისუფლების სისტემური უსამართლობის მსხვერპლია.

“ეს ადამიანი გახლავთ მსხვერპლი დღევანდელი ხელისუფლების, რომელიც ხელს აფარებს მისი შვილის მკვლელებს. ეს ადამიანი 5 თვეა, მათ შორის, ამ წვიმაში და სიცივეში დგას ქუჩაში და ეძებს სიმართლეს და საკუთარი შვილის მკვლელების დასჯას, ამიტომ მისი პროვოცირება და მასზე შეტევა, მისი დისკრედიტირება თუნდაც იმის გამო, რაც ნებისმიერი სხვა პიროვნების მხრიდან მიუღებელი იქნებოდა, მე აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია. ამიტომ მოვითხოვთ, რომ ზაზა სარალიძე დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის, “ძალა ერთობაშიას” წევრი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ზაზა სარალიძის დაკავების პირდაპირი ბრაძანება ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელი განცხადებით გასცა.

“50 დღის მანძილზე, ხელისუფლების დავალებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო პირდაპირ პროვოკაციაზე მიდიოდა ზაზა სარალიძესთან მიმართებაში. დღეს საკუთარ გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილმა ზაზა სარალიძეზე თავდასხმით, ფაქტობრივად, მისი დაკავების პირდაპირი ბრძანება გასცა. ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული შვილმოკლული მამა, რომელიც ერთადერთ რამეს ითხოვს: საკუთრი შვილის მკვლელების და მფარველების დასჯას. ეს არის აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნა და ჩვენ თავიდან ბოლომდე მის გვერდით ვდგავართ”, – აღნიშნა ვაშაძემ.

ივანიშვილის დღევანდელი განცხადება ზაზა სარალიძის თაობაზე, სადაც ის მიუთითებდა, რომ ქუჩა და კარვების გაშლა საჭირო არ იყო, ზაზა სარალიძის დაკავების შემდეგ გაკეთდა. ჟურნალისტმა ვახო ხუზმიაშვილმა ივანიშვილს მიაწოდა ინფორმაცია ზაზა სარალიძის დაკავების შესახებ, რაზეც ექსპრემიერმა უპასუხა, რომ დღეს მომხდარი ფაქტის შესახებ არ იცის.

პოლიციამ ზაზა სარალიძე დღეს დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები ზაზა სარალიძეს კვლავ არ აძლევდნენ კარვის გაშლის უფლებას, რის გამოც შვილმოკლული მამა მათ ფიზიკურად დაუპირისპირდა.

დაკავების შემდეგ სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიყვანეს, სადაც ის შეუძლოდ გახდა და ამჟამად ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება.

ზაზა სარალიძე 10 თვეზე მეტია მისი შვილის, დავით სარალიძის მკვლელების პოვნასა და დასჯას ითხოვს, რაც ამ დრომდე არ გაკეთებულა. შვილმოკლული მამა რამდენიმე თვეა ამ მოთხოვნით პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებს მართავს. მას სამართალდამცავები კარვის გაშლის საშუალებასაც არ აძლევდნენ, რაც არაერთხელ გააკრიტიკეს როგორც ომბუდსმენმა, ისე უფლებადამცველებმა. მათი თქმით, პროტესტის გამოხატვისას კარვის გაშლა კანონიერია და ეს უფლება სარალიძეს არ უნდა შეეზღუდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი