ახალი ამბები

ზაზა დაიჭირეს, მაგრამ მე აქ ვარ – პარლამენტთან აქციებს ზაზა სარალიძის დედა გაუძღვება

26 ოქტომბერი, 2018 • 8658
ზაზა დაიჭირეს, მაგრამ მე აქ ვარ – პარლამენტთან აქციებს ზაზა სარალიძის დედა გაუძღვება

მართალია, ზაზა დაიჭირეს, მაგრამ მე აქ ვარ. ზაზა მარტო არ არის. მე დღეიდან ვაგრძელებ ყველაფერ იმას, რასაც ზაზა აკეთბდა, – ეს განცხადება ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან მისულმა ზაზა სარალიძის დედამ, მარინა ბეგაძემ გააკეთა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ბებია აცხადებს, რომ დღეიდან ის ყველანაირად ჩაერთვება აქციებში – “ზაზას მხარს ყოველთვის ვუმაგრებდით და ახლაც ასე გავაგრძელებთ.”

  • რუსთაველის გამზირზე, პარტლამენტის წინ, ზაზა სარალიძე და 2 მისი თანმხლები პირი დღეს დილით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზაზა სარალიძის მიმართ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.

სარალიძის თანმხლები პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული, რაც პოლიციელის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს და 250 ლარიდან 2000 ლარამდე ჯარიმას ან 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცველები ზაზა სარალიძეს კვლავ არ აძლევდნენ კარვის გაშლის უფლებას, რის გამოც შვილმოკლული მამა მათ ფიზიკურად დაუპირისპირდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.

შსს-ს განცხადებით, ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა.

ზაზა სარალიძე 10 თვეზე მეტია მისი შვილის, დავით სარალიძის მკვლელების პოვნასა და დასჯას ითხოვს, რაც ამ დრომდე არ გაკეთებულა. შვილმოკლული მამა რამდენიმე თვეა ამ მოთხოვნით პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებს მართავს. მას სამართალდამცავები კარვის გაშლის საშუალებასაც არ აძლევდნენ, რაც არაერთხელ გააკრიტიკეს როგორც ომბუდსმენმა, ისე უფლებადამცველებმა. მათი თქმით, პროტესტის გამოხატვისას კარვის გაშლა კანონიერია და ეს უფლება სარალიძეს არ უნდა შეეზღუდოს.

ნეტგაზეთი გირჩევთ:

ვიდეო ▶ პარლამენტთან ზაზა სარალიძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დააკავეს

ვიდეო ▶ პარლამენტთან ზაზა სარალიძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი