ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გარედან დანახული ჟენევის მოლაპარაკებები

26 ოქტომბერი, 2018 • 4227
გარედან დანახული ჟენევის მოლაპარაკებები

ვანო აბრამაშვილი

„კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი


რამდენიმე დღის წინ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს 10 წელი შეუსრულდა. დროის ამ მონაკვეთში მხარეებმა 45 რაუნდის ჩატარება მოასწრეს, თუმცა მხოლოდ რამდენიმე მათგანმა თუ მოახერხა საზოგადოებისთვის თავი რაიმე კონკრეტული შედეგით დაემახსოვრებინა და ისიც საწყის ეტაპზე, როცა 2009 წელს, მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმი ჩამოყალიბდა.

მედვედევ–სარკოზის შეთანხმების საფუძველზე, ჟენევაში შექმნილ 3+3 ფორმატს ყოვლისმომცველი, საინტერესო და უნიკალური აგებულება აქვს. ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით გამართული შეხვედრების ოფიციალურ მონაწილეებად საქართველო, რუსეთი და აშშ ითვლებიან, თუმცა ნეიტრალური სტატუსით, შეხვედრებში ასევე ჩართული არიან სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმაცია რუსეთს ინსტიტუციურად უზღუდავს ნანატრი მედიატორის როლის თამაშის საშუალებას, თუმცა პრობლემად რჩება ის, რომ შეხვედრები შინაარსობრივად უმეტესად ატარებს სტერილურ ხასიათს.

გასული 10 წელი, რომელიც ამ პერიოდის სამშვიდობო პოლიტიკის კრიტიკული გადააზრების კარგ საშუალებას იძლევა, მისი წინამორბედი 15 წლისგან განსხვავებით, არადინამიკურობით ხასიათდება, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ჟენევის მოლაპარაკებებსაც მიუძღვის.

ამ წლების განმავლობაში ფორმატისადმი დაგროვილი სკეპტიციზმი საკმაოდ მძაფრია, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ 1990–იან და 2000–იან წლებში მიმდინარე ჟენევის პირველი და მეორე პროცესებისგან განსხვავებით, ის ახერხებს უმნიშვნელოვანესს – კონფლიქტის ხელახლა გაღვივების პრევენციას. თუმცაღა, ვინაიდან დრო უმთავრესად ქართული მხარის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, 10 წლის შემდეგ მხოლოდ პროგრამა მინიმუმის შესრულება თვითკმაყოფილების მიზეზს აღარ უნდა იძლეოდეს.

თავის მხრივ, იმისთვის, რომ ჟენევის დისკუსიები გასცდეს არსებულ სტატუს–კვოს, მას რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზის აღმოფხვრა მოუწევს, რომელიც ესოდენ თვალშისაცემია გარე დამკვირვებლებისთვის.

[red_box]დემოკრატიულობისა და ღიაობის დეფიციტი[/red_box]

ერთ–ერთი უმთავრესი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ქართულ საზოგადოებაში ჟენევის დისკუსიების მიმართ ინტერესისა და ნდობის შემცირება,ს წარმოადგენს მისი ზედმეტი დახურულობა. ყოველი შეხვედრის შემდეგ მხარეების მიერ გავრცელებულ საჯარო ანგარიშში ხშირად მხოლოდ რაუნდის რიგითობა და თარიღი იცვლება, რაც ფართო საზოგადოების თვალში მის მიმართ ინტერესს ანელებს, შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მისი ფართო ლეგიტიმაციაც.

მეტიც, ერთ–ერთი გავრცელებული ხუმრობის თანახმად, ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ დაანონსებული სიახლე შესაძლოა ისეთივე უინტერესო და არაფრისმომცემი იყოს რიგითი ქართველისთვის, როგორც, მაგალითად, ნარჩენების დაყრის ამკრძალავი ინფორმაცია.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში ფორმატის მუშაობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გასაზრდელად დაიწყო არასამთავრობო და საექსპერტო წრეებთან პერიოდული შეხვედრები, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი საზოგადოებრივი ნიჰილიზმის დასაძლევად. საჭიროა საზოგადოებამ მეტი ანგარიშვალდებულობა იგრძნოს მთავრობის მხრიდან და მიიღოს მუდმივად განახლებადი ინფორმაცია, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია თავად სახელმწიფოსთვის, ვინაიდან საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობასა და მოსმენას შეუძლია მნიშვნელოვნად გაამდიდროს მოლაპარაკებები ახალი იდეებითა და ცოდნით.

[blue_box]წარმომადგენლობითობის დაბალი დონე[/blue_box]

ჟენევის დისკუსიების კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევა მისი დაბალი პოლიტიკური წონაა. ძნელად თუ მოიძებნება ეფექტური და შედეგიანი საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატი, სადაც მხარეთა დელეგაციებში ყველაზე მაღალი რანგის მოხელეებს მინისტრების მოადგილეები წარმოადგენენ.

ჟენევის მოლაპარაკებათა 35-ე რაუნდი; ფოტო: აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ფართოდ გაზიარებულია დაკვირვება, რომ მოლაპარაკების წარმატების ალბათობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მაგიდასთან მსხდომ მხარეთა პოლიტიკურ წონასა და კაპიტალზე, ვინაიდან მონაწილეებს, რომელთაც ზურგს უმაგრებს სერიოზული ძალაუფლება, ლეგიტიმაცია და გავლენა, უფრო მარტივად შეუძლიათ კონკრეტული საკითხები განსახილველად გაიტანონ და შემდგომ უკვე ეფექტური ლობირება გაუწიონ საკუთარ შეთავაზებებს.

[gray_box]შეხვედრების ზედმეტი პოლიტიზირება[/gray_box]

ზემოთ ნახსენები მწირი ინფორმაციაც კი, რომელიც საზოგადოებას ყოველი რაუნდის შემდგომ მიეწოდება, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ შეხვედრები უკიდურესად დაძაბულ და არასამუშაო ატმოსფეროში მიმდინარეობს.

თბილისისა და მოსკოვის განსხვავევული აღქმა იმისა, თუ ვინ არიან კონფლიქტის მხარეები, რუსი, აფხაზი და ოსი მონაწილეების პერიოდული დემარში დევნილების დაბრუნებისა თუ სხვა ჰუმანიტარული საკითხების განხილვისას და უძრაობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნაში, მიუთითებს იმაზე, რომ ჟენევაში, გაეროს ერთა სასახლე მხარეთა პოლიტიკური განცხადებების გასაჟღერებელ ტრიბუნად უფრო გამოიყენება, ვიდრე იმ რეალურ პრობლემებზე სამუშაოდ, რომელიც ასობით ათასი ადამიანის აუტანელ ყოველდღიურობად იქცა.

გარდა ამისა, რჩება შთაბეჭდილება, რომ მოლაპარაკებები ეტაპობრივად ნერვების თამაშს ემსგავსება და მონაწილეები ერთგვარ „მექსიკურ ჩიხში“ შედიან – სიტუაციაში, რომლის დროსაც ორი, სამი ან მეტი მხარე ერთმანეთთან ღია დაპირისპირებაში იმყოფება და არცერთ მათგანს არ აქვს ზუსტი სტრატეგია გამარჯვების მისაღწევად. შედეგად, ყველა მათგანს იქამდე უწევს დაძაბული და სტრატეგიული მოთმინება, სანამ რაიმე გარე, სრულიად დამოუკიდებელი მოვლენა არ შეასუსტებს მათ კონფრონტაციას.

როგორაა შესაძლებელი ამ პრობლემების გადაჭრა, რთული სათქმელია, ვინაიდან ამას ავტომატურად ჟენევის დისკუსიების მონაწილეთა ინდივიდუალური თუ კოლექტიური პოლიტიკური ნების ქონა/არქონასთან და მანდატის შეზღუდვებთან მივყავართ, რაც ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა.

მეორე მხრივ, დაგროვილი სკეპტიციზმი არ უნდა გახდეს ფორმატის რღვევის მიზეზი, ვინაიდან ის საქართველოსთვის რჩება იმ უმთავრეს პლატფორმად, სადაც სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლის პრევენცია და რუსეთზე ზეწოლაა შესაძლებელი. რამდენ ხანს გასტანს ამგვარი დიპლომატიური „სანგრების ომი“, რთული სათქმელია, თუმცა, მისგან თავის დაღწევა რომ უპირველესად თბილისის ინტერესებში უნდა იყოს, ეს გასულმა ათმა წელმა ნათლად დაგვანახა.

მასალების გადაბეჭდვის წესი