ვიდეო ▶ პარლამენტთან ზაზა სარალიძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დააკავეს

ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე პოლიციამ ზაზა სარალიძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დააკავა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები ზაზა სარალიძეს კვლავ არ აძლევდნენ კარვის გაშლის უფლებას, რის გამოც შვილმოკლული მამა მათ ფიზიკურად დაუპირისპირდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.

შსს-ს განცხადებით, ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავებულია, ასევე, ზაზა სარალიძის თანმხლები ორი პირი.

  • ზაზა სარალიძე 10 თვეზე მეტია მისი შვილის, დავით სარალიძს მკვლელების პოვნასა და დასჯას ითხოვს, რაც ამ დრომდე არ გაკეთებულა. შვილმოკლული მამა რამდენიმე თვეა ამ მოთხოვნით პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებს მართავს. მას სამართალდამცავები კარვის გაშლის საშუალებასაც არ აძლევდნენ, რაც არაერთხელ გააკრიტიკეს როგორც ომბუდსმენმა, ისე უფლებადამცველებმა. მათი თქმით, პროტესტის გამოხატვისას კარვის გაშლა კანონიერია და ეს უფლება სარალიძეს არ უნდა შეეზღუდოს.

ამბის გაგრძელება:

ზაზა სარალიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.