ახალი ამბები

ფარცხალაძის ქონებასთან დაკავშირებით კითხვები ბიძინა ივანიშვილსაც აქვს

26 ოქტომბერი, 2018 • 1633
ფარცხალაძის ქონებასთან დაკავშირებით კითხვები ბიძინა ივანიშვილსაც აქვს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს, რომელიმე მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირს “ხელი დააფაროს”, თუ მათი ბრალეულობა ან კორუფციასთან კავშირი დადასტურდება.

ივანიშვილმა ოთხ ჟურნალისტთან შეხვედრაზე ფარცხალაძე-თორდიას ჩხუბი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ლაშა თორდია “მთვრალი იყო” და არანაკლებ აგრესიულად იქცეოდა, ვიდრე ფარცხალაძე. ივანიშვილის თქმით, გამოძიება ამ ნაწილში დასრულებული არ არის, თუმცა, როგორც ცნობილია, პროკურატურაში მოწვეული არიან უცხოელი სპეციალისტები, მათ შორის პროკურორი ისრაელიდან, და ისინი გახმაურებულ საქმეების გამოძიებაში მონაწილეობენ.

“ეს ადამიანები განიხილავენ თორდიასთან ჩხუბის ამბავსაც და სხვა ფინანსურ დარღვევებსაც, რაზეც პროკურატურაში აღძრულია საქმე. თუ ცოტა მოთმინებასაც გამოვიჩენთ და დაველოდებით შედეგებს, მეც თქვენთან ერთად ვიქნები. და თუ დადგება რამე კითხვის ნიშნები, გარწმუნებთ, რომ მე ვიქნები პირველი, ვინც მოვითხოვ სიმკაცრეს. კანონის სიმკაცრით აგებს ფარცხალაძე [პასუხს], თუ დარღვევები იქნება და ის თავის ქონებას ვერ ასაბუთებს, გარწმუნებთ, რომ მე ვიქნები ლიდერებში, ვინც გაამაგრებს თავისი გამოსვლებით სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ მან ისევე აგოს პასუხი, როგორც ნებისმიერმა მოქალაქემ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, მერიასთან დაკავშირებულ საქმეზე ყველა საბუთი, რომლის მიხედვითაც ფარცხალაძის მიმართ კითხვები არსებობდა, თვითონ აქვს ნანახი.

“მე თვითონ გავარჩიე და არ მაქვს კითხვები. მერიას ფარცხალაძისთვის არავითარი შეღავათი არ მიუცია, პირიქით, უფრო დგას კითხვის ნიშანი, რომ იმაზე მეტი გადაიხადა, ვიდრე საბაზრო ღირებულება იყო”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ექსპრემიერის თქმით, ჟურნალისტებმა სიღრმისეული გამოძიება უნდა ჩაატარონ, როდესაც თანამდებობის პირებს კორუფციაში ადანაშაულებენ.

“კითხვები რჩება და ფარცხალაძის შემთხვევა არის კარგი მაგალითი, მისი ადვოკატის გამოსვლის შემდეგაც [დარჩა კითხვები]. მათ რიცხვში მეც მაქვს კითხვები. არ იყო სარწმუნო ჩემთვის ის, რაც წავიკითხე, რომ ეს ფული აქედან გააკეთა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი