ახალი ამბები

ქუთაისი-ვარშავის რეისზე ბომბი არ აღმოჩნდა – შემოწმება დასრულებულია

25 ოქტომბერი, 2018 • 2145
ქუთაისი-ვარშავის რეისზე ბომბი არ აღმოჩნდა – შემოწმება დასრულებულია

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, ქუთაისი-ვარშავის რეისზე შესაძლო ბომბის არსებობის შესახებ ცნობა ცრუ აღმოჩნდა.

საქმე ეხება Wizzair-ის კუთვნილ ლაინერს, რომელიც რამდენიმე საათის წინ ბუქარესტის აეროპორტში ავარიულად დაეშვა მას შემდეგ, რაც ქუთაისის აეროპორტში საეჭვო სატელეფონო ზარი შევიდა.

“ბორტის წევრებმა იმოქმედეს დადგენილი პროცედურების შესაბამისად და რისკის თავიდან აცილების მიზნით საჰაერო ხომალდის დაუგეგმავი დაშვება განახორციელეს ბუქარესტის აეროპორტში. ყველა მგზავრი და ბორტის წევრი უსაფრთხოდ იქნა გადაყვანილი ხომალდიდან. ამჟამად შემოწმების პროცესი დასრულებულია. აღმოჩნდა ცრუ განგაში. თვითმფრინავი გადაყვანილია სადგომზე და მიმდინარეობს მგზავრების ჩასხდომა”, – აცხადებს აეროპორტების გაერთიანება.

განცხადების მიხედვით, უკვე დადგენილია ზარის ავტორის ვინაობა, მას გაესაუბრნენ და გაირკვა, რომ აღნიშნული ზარი, “სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე განხორციელდა და რეალურად საფრთხის შემცველი არ იყო”. საქმეს უკვე იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო სსკ-ს 131-2 მუხლით, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.

“მიუხედავად აღნიშნულისა, ავიაკომპანია ვიზეარმა მიიღო გადაწყვეტილება ,ქუთაისი – ვარშავას ავიარეისი ნომრით W6 1576 დაფრენილიყო ბუქარესტის აეროპორტში და საავიაციო უშიშროების ნორმების შესაბამისად ხომალდს ბუქარესტში ჩატარებულიყო დამატებითი შემოწმება”, – აცხადებს აეროპორტების გაერთიანება.

მასალების გადაბეჭდვის წესი