ახალი ამბები

კანდიდატების შეუსრულებადი დაპირებები

26 ოქტომბერი, 2018 • 2893
კანდიდატების შეუსრულებადი დაპირებები

საპრეზიდენტო კანდიდატები წინასაარჩევნო პერიოდში ისეთ დაპირებებს ავრცელებენ, რასაც, დიდი ალბათობით, ვერ შეასრულებენ. მიზეზი მარტივია: ასეთი დაპირებების შესრულება მათ კომპეტენციაში არ შედის. “ნეტგაზეთმა” შეამოწმა ბოლო კვლევებვით ყველაზე რეიტინგული სამი კანდიდატის დაპირებები.

ასე, მაგალითად:

“ქართული ოცნების” მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ბოლომდე მიყვანას დაჰპირდა ამომრჩეველს სამეგრელოში; მანამდე განაცხადა, რომ საქართველოში “ელიტური ტურიზმი” უნდა განვითარდეს, ახალი ეკლესიების ნაცვლად ძველი ეკლესიების რესტავრაციაში უნდა დაიხარჯოს თანხა და ა.შ;

ოპოზიციური გაერთიანების კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამაში სხვა ბევრ, თუმცა მოკლედ განხილულ საკითხთან ერთად, საუბარია განათლების ბიუჯეტის გაორმაგებაზე, პედაგოგების ანაზღაურების მინიმუმის გაზრდაზე 1 000 ლარამდე; იგი პირობას დებს, რომ საშემოსავლო გადასახადს 15%-მდე შეამცირებს და “ზედმეტ რეგულაციებს” გააუქმებს.

“ევროპული საქართველოს” კანდიდატი დავით ბაქრაძე პენსიის 50 ლარით გაზრდის პირობას დებს, დევნილის შემწეობას 45-დან 60 ლარამდე ზრდის, საშემოსავლო გადასახადს 18%-მდე ამცირებს, ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავებაზე საუბრობს და ა.შ;

იმის მიუხედავად, თუ რა პოზიცია გვაქვს გადასახადებზე, სოციალურ პოლიტიკასა თუ სხვა საკითხებზე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ამ დაპირებების შესრულება პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის, არც ახალი და არც ძველი კონსტიტუციით.

პარტიების პოზიციები

“ნეტგაზეთმა” ჰკითხა კანდიდატების წარმომადგენლებს, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტის კომპეტენციას სცდება, როგორ აპირებენ ზურაბიშვილი, ვაშაძე და ბაქრაძე, არჩევის შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა ასეთი სახის დაპირებების შესრულებას.

სალომე ზურაბიშვილის ჩვენ მიერ ჩამოთვლილ დაპირებებზე ვკითხეთ “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს. მან გვიპასუხა, რომ პრეზიდენტს “ინიციატივების რესურსი აქვს” და, შესაბამისად, კანდიდატებს აქვთ უფლება, ასეთი ინიციატივებით გამოვიდნენ.

გამსახურდიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებულ დაპირებაზე კობახიძემ გვითხრა: “პრეზიდენტი არის არჩეული სახელწმიფოს მეთაური, შესაბამისად, მას შეუძლია გამოვიდეს ინიციატივებით, როცა საქმე ეხება ასეთ საკითხებს. ასეთი ინიციატივებით გამოსვლა შეუძლია ყველა ნებისმიერ, მათ შორის საპარლამენტო სისტემაშიც, შესაბამისად, კანდიდატს ჰქონდა ყველა უფლება”.

დაახლოებით იგივე გვიპასუხა გია ვოლსკიმაც: “აქ საუბარია იდეებზე, რომელიც შეიძლება პრეზიდენტს გააჩნდეს, და კოორდინირებულ მუშაობაზე მთავრობასთან”.

“ევროპული საქართველოს” სპიკერი ირაკლი კიკნაველიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი და პროგრამაში ჩამოთვლილი სხვა დაპირებების ერთპიროვნულად შესრულება პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის, თუმცა დასძინა, რომ ბაქრაძე “თავის საპარლამენტო გუნდთან ერთად იმუშავებს ამ მიზნების მისაღწევად” და ამას იგი “საჯარო გამოსვლებისას ყოველთვის აღნიშნავს”.

“ეს არის ის ხედვა, რაც “ევროპულ საქართველოს” აქვს საქართველოს მომავალთან დაკავშირებით; ხედვა, რომლის შესრულებაც იქნება ჩვენი მიზანი და დავით ბაქრაძე ყველაფერს გააკეთებს ამ მიზნის შესასრულებლად. ამისათვის გამოიყენებს საქართველოში ყველაზე მაღალ არჩევით თანამდებობას, როგორიც არის პრეზიდენტის თანამდებობა”, — ამბობს კიკნაველიძე.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა გრიგოლ ვაშაძის შტაბს ამავე კითხვით, სადაც რომან გოცირიძესთან გადაგვამისამართეს. მისი თქმით, “ეს თემა არის მეორეხარისხოვანი — რომ პრეზიდენტი უნდა ლაპარაკობდეს მხოლოდ იმაზე, რაც შედის მის უფლებამოსილებაში. მაშინ მან უნდა ილაპარაკოს იმაზე, რომ კანონებს მოაწერს ხელს”.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გუნდის სამომავლო ხედვებს ამღჟავნებს. “ნეტგაზეთის” კითხვაზე, რამდენად ნათელია ეს ამომრჩევლისთვის, მან გვიპასუხა: “ნათელია, ვინაიდან მას უკან დგას 11 პარტია, რომელსაც აქვს თავისი ისტორია, გაკეთებული და გასაკეთებელი საქმეები. ის ამავე დროს იმეორებს, რომ შემდგომი არჩევნები იქნება და მისი გუნდი გააკეთებს ამას”.

“სწორედ იმ მიდგომამ, რომ მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში უნდა იყოს საუბარი, გამოიწვია, რომ სალომე ზურაბიშვილს არავითარი პროგრამა არა აქვს”, — დასძინა გოცირიძემ.

რა უნდა იცოდეს ამომრჩეველმა?

კანდიდატების დაპირებების შინაარსი თითქმის არ კონტროლდება.

როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) იურისტი ნინო რიჟამაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, კანდიდატების დაპირებები, საარჩევნო კოდექსის თანახმად, “არ შეიძლება შეიცავდეს შუღლის გაღვივებისკენ, სახელმწიფოს სუვერენიტეტის დამხობისკენ მოწოდებას და ასეთ მძიმე საკითხებს”. სხვა შემთხვევაში კი საარჩევნო კანონმდებლობა “არ არეგულირებს, თუ რა შინაარსის უნდა იყოს საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო დაპირებები”.

მისივე განმარტებით, კანდიდატებს შეუძლიათ, “ისაუბრონ კამპანიის დროს არამხოლოდ იმ უფლებამოსილებაზე, რაც მათ აქვთ, როგორც პრეზიდენტებს, არამედ მათი პოლიტიკური იდეოლოგიის, მსოფლმხედველობისა და პოლიტიკური ხედვების შესახებაც”.

ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა იცოდეს, როგორ აპირებს კანდიდატი თავისი პოლიტიკური დაპირებების შესრულებას იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტობისას არც ხელისუფლების მხარდაჭერა არ ექნება და არც საკუთარი პოლიტიკური გუნდი ეყოლება პარლამენტში, ამბობს რიჟამაძე.

“ძალზე მნიშვნელოვანია ამომრჩევლის ინფორმირება და მისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება, რათა მცდარი მოლოდინები არ შეექმნას, იმედგაცუებული არ დარჩეს და მომავალ არჩევნებზე მისვლის სურვილი არ დაკარგოს”.


შენიშვნა: სტატია განახლდა 26 ოქტომბერს, 13:40-ზე რომან გოცირიძის პასუხით; შეიცვალა სტატიის სათაურიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი