ახალი ამბები

რა პრობლემებს უქმნის ქართულის არცოდნა ეთნიკურ აზერბაიჯანელებს სერვისების მიღებისას

26 ოქტომბერი, 2018 • 2275
რა პრობლემებს უქმნის ქართულის არცოდნა ეთნიკურ აზერბაიჯანელებს სერვისების მიღებისას

რამდენად მიუწვდება ხელი ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას სახელმწიფო სერვისებზე და უშლით თუ არა მათ ხელს ენობრივი ბარიერი? კვლევა “სახელმწიფო სერვისების მიწოდება და ეთნიკური უმცირესობების (აზერბაიჯანელები) ჩართულობის ეფექტურობის შეფასება” “ბთკკ – პოლიტიკის კვლევის ჯგუფმა” მოამზადა. კვლევის მხარდამჭერები არიან UNDP(გაეროს განვითარების პროგრამა ) და UK aid (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის პროგრამა).

კვლევის მიზანი იყო იმის შესწავლა, თუ როგორ და რამდენად ეფექტიანად იყენებენ ეთნიკური აზერბაიჯანელი მოქალაქეებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრების მიერ შეთავაზებულ სერვისებს. კვლევა ჩატარდა ოთხ დასახლებულ პუნქტში, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ. ესენია: მარნეული, სადაც იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს, ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი სადახლო, კახეთში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. იორმუღანლო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი კაბალი, სადაც საზოგადოებრივი ცენტრები ფუნქციონირებენ. თავის მხრივ, კვლევისთვის ეთნიკური აზერბაიჯანელების შერჩევა იმ ფაქტორით იყო განპირობებული, რომ ისინი საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ.

კვლევის თანახმად, საზოგადოებრივი ცენტრებისა და იუსტიციის სახლის ცნობადობა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლებისა (სადახლო, იორმუღანლო, კაბალი) და ქალაქ მარნეულის ადგილობრივ მოსახლეობაში საზოგადოებრივი ცენტრებისა და იუსტიციის სახლის ცნობადობა საკმაოდ მაღალია. გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა ხშირად ან პერიოდულად სარგებლობს იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრების სერვისებით. ამ მხრივ სოფლისა და მარნეულის მოსახლეობა თანაბრად აქტიურია. სერვისების გამოყენების თვალსაზრისით. საქართველოს მოსახლეობა ყველაზე ხშირად პირადობის ელექტრონულ მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის აღების სერვისით სარგებლობს. ამ მხრივ გამონაკლისი არ არის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული მუნიციპალიტეტებიც, სადაც ყველაზე ხშირად პირადობის ელექტრონულ მოწმობასა და ბიომეტრიულ პასპორტს ითხოვენ. საზოგადოებრივ ცენტრებში შედარებით მცირე ნაწილს უსარგებლია სხვა სერვისებით, მათ შორის- ატესტატის აღებით, ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სერვისებით, უძრავი ქონების გადაფორმებით, სოციალურ მომსახურებასთან, ბიზნესის რეგისტრაციასთან და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სერვისებით. ფოკუს-ჯგუფების არცერთ მონაწილეს არ უსარგებლია საარქივო დოკუმენტებთან დაკავშირებული სერვისებით.

კვლევის ძირითად მიგნებებზე “ნეტგაზეთს” მისი ავტორი ჯული გიორგაძე ესაუბრა:

“საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელები გარკვეულწილად კმაყოფილი არიან იმ სერვისით, რომელსაც სთავაზობს ეს ორი ინსტიტუტი. იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრების მიერ ძალიან დიდი სამუშაო ტარდება. მაგრამ რჩება რამდენიმე მიმართულება, სადაც კარგი იქნება, საჯარო ინსტიტუტებმა მუშაობა გააუმჯობესონ. საქმე ის არის, რომ იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები უამრავ სერვისს სთავაზობენ მოქალაქეებს, მაგრამ მათ მხოლოდ ლიმიტირებული სერვისების შესახებ აქვთ ინფორმაცია და არა სრული სპექტრის შესახებ”, – განაცხადა ჯული გიორგაძემ.

საზოგადოებრივი ცენტრები, სახელმწიფო და კერძო სერვისების ხარისხიანი მიწოდების გარდა, ადგილობრივი მოსახლეობისათვის სხვა შესაძლებლობის შექმნასაც ისახავს მიზნად, მათ შორის, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას (მაგ. კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენება), სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებას (მაგ. შეხვედრების ორგანიზება, ბიბლიოთეკით სარგებლობა) და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ ცენტრებში შექმნილია პირობები ამ სერვისების გამოყენებისთვისაც, კვლევის თანახმად, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის ეს შესაძლებობები გამოუყენებელი რჩება.

“ჩვენ რამდენიმე კონკრეტული რეკომენდაცია გვქონდა იუსტიციის სამინისტროსთან და ამ საქვეუწყებო დაწესებულებებთან, თუ როგორ შეიძლება უფრო ეფექტურად გამოიყენონ ეს მოქალაქეებმა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ინფორმაცია უნდა გავრცელდეს, რომ ასეთი შესაძლებლობები არსებობს, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების ჩართულობის გაზრდას და ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში”, – განაცხადა გიორგაძემ.

რაც შეეხება იმას, სახელმწიფო ენის არცოდნა არის თუ არა ბარიერი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისების მიღებაში, კვლევის თანახმად, სამივე საზოგადოებრივ ცენტრში მინიმუმ ერთი თანამშრომელი ეთნიკურად ადგილობრივი აზერბაიჯანელია, რომლებიც აზერბაიჯანულის გარდა, ასევე კარგად საუბრობენ სახელმწიფო ენაზეც. საზოგადოებრივ ცენტრებში მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, მომსახურება ორივე ენაზე, ქართულად და აზერბაიჯანულადაც მიიღოს. გამომდინარე იქიდან, რომ სოფლებში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებში სახელმწიფო ენის ცოდნის ხარისხი შედარებით დაბალია, ორენოვანი მომსახურების მიღების შესაძლებლობა საზოგადოებრივ ცენტრებში მომსახურების მიღების დროს ენობრივი ბარიერის არსებობას გამორიცხავს. ფოკუს-ჯგუფების მონაწილეების შეფასებით, საზოგადოებრივ ცენტრებში მომსახურების მიღების დროს მათ ენობრივი ბარიერი არ შექმნიათ.

განსხვავებული ვითარებაა მარნეულის იუსტიციის სახლში, სადაც მომსახურების ძირითადი ენა ქართულია. იუსტიციის სახლის თანამშომლების უმრავლესობამ არ იცის აზერბაიჯანული ენა. შედეგად, როგორც ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებმა აღნიშნეს, ენობრივი ბარიერი მხოლოდ აზერბაიჯანულენოვან მოქალაქეებს ექმნებათ, განსაკუთრებით, მიმდებარე სოფლებიდან ჩამოსულ შედარებით ხანდაზმულ მოქალაქეებს.

ზოგადად, ენობრივი ბარიერი რამდენად უშლით ხელს ინტეგრაციულ პროცესებში, კვლევის საგანი არ ყოფილა, თუმცა გიორგაძე პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე ამბობს, რომ ახალგაზრდები უკვე ფლობენ სახელმწიფო ენას. ქართული ენის არცოდნის მიზეზით ინტეგრაციულ პროცესებში ჩართვის პრობლემა რჩება უფროს თაობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი