თბილისის ზოოპარკის სპილო მორიგ ოპერაციას იკეთებს – გრანდის ისტორიას BBC გააშუქებს

თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილოს 31 ოქტომბერს მეორე ჩატეხილი ეშვის ოპერაციასაც გაუკეთებენ, ხოლო გრანდის ისტორიას BBC გააშუქებს.

ზოოპარკის ცნობით, ამჟამად გრანდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის სერიალის მთავარი გმირიც გახდება.

BBC ცხოველების მოყვარულებს მორიგ სიურპრიზს სთავაზობს და ახალ სერიალს იღებს, სახელწოდებით Big Animal Surgery – “დიდი ცხოველების ოპერაციები”. თითოეულ ეპიზოდში თითო ცხოველის ამბავი იქნება გადმოცემული და გვიჩვენებენ, როგორ ატარებენ გამოცდილი ვეტექიმები უნიკალურ ოპერაციებს ცხოველების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

“შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჩვენი ემოცია, როცა BBC დაგვიკავშირდა და გრანდის ოპერაციის გადაღება გვთხოვა? დიახ, დიახ! სერიალის ერთი ეპიზოდი მთლიანად გრანდს მიეძღვნება. ხუმრობა საქმე ხომ არაა – BBC, ველურ ბუნებაზე გადაღებული საოცარი დოკუმენტური სერიალების შემქმნელი, თბილისის ზოოპარკის სპილოს მთელ მსოფლიოს გააცნობს!” – წერს თბილისის ზოოპარკი.

მათივე ინფორმაციით, გრანდის გრანდიოზული ოპერაციის შესახებ, მასთან დაკავშირებული სირთულეებზე და რისკებზე 31 ოქტომბრამდე ეტაპობრივად გვაცნობებენ საჭირო ინფორმაციებს.

22 წლის წლის აზიური სპილო გრანდი თბილისის ზოოპარკში ერევნის ზოოპარკიდან 2014 წლის 12 ივნისს ჩამოიყვანეს. ოთხი წლის წინ მან უკვე გადაიტანა ეშვის ურთულესი ოპერაცია. პირველი ოპერაციის შედეგად თბილისის ზოოპარკის ცნობილ ბინადარს მხოლოდ ერთი ჩატეხილი ეშვი ამოუღეს, ახლა კი მეორე ჩატეხილი ეშვის მოშორების დრო დადგა. გრანდს პირველი ოპერაციის დროს ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა, განსაკუთრებით კი ბავშვები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.