ბოლტონი სომხეთში: ამერიკული იარაღი რუსულს ჯობია

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა, რომელიც სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში ამჟამად სომხეთში იმყოფება, ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა აზერბაიჯანისთვის ამერიკული იარაღის მიყიდვის შესაძლებლობას და 907-ე შესწორების მოქმედების შესაძლო ჩერებას. მანამდე ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში ბოლტონი აცხადებდა, რომ პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლება, რათა შეაჩროს 907-ე შესწორების მოქმედება, რომელიც აშშ-ის მხრიდან სახელმწიფო დონეზე კონფლიქტის მხარეებისთვის, შესაბამისად, აზერბაიჯანისთვისაც, იარაღით დახმარებას ზღუდავს.

“ასეთი ვითარებაა, სომხეთი რუსეთის ფედერციისგან ყიდულობს იარაღს, აზერბაიჯანის შეიარაღების 80% ასევე რუსულია, ეს გარემოება კონფლიქტის დარეგულირებას ვერ ეხმარება, რამდენადაც ეს რუსეთისთვის მხარეებზე ზეწოლის დამატებითი მექანიზმია და მშვიდობას ხელს ვერ შეუწყობს”,- განაცხადა ბოლტონმა და აქვე დაამატა, რომ დღესდღეობით რაიმე გადაწყვეტილება აშშ-ის მხრიდან არ არის მიღებული, თუმცა სიტუაციის მამოძრავებელი ძალა მხოლოდ კონკურენცია შეიძლება იყოს და ნებისმიერ შემთხვევაში ამერიკული იარაღი სჯობს რუსულს”, – განაცხადა ჯონ ბოლტონმა.


რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდების საკითხი არაერთხელ გამხდარა უკმაყოფილების მიზეზი სომხეთში, რადგანაც სომხეთი რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევა. ამ მხრივ, მოსკოვით უკმაყოფილების ტალღა განსაკუთრებით მწვავედ აგორდა სომხეთში 2016 წლის აპრილში, მთიან ყარაბაღში არსებული ვითარების ესკალაციის შემდეგ.

დმიტრი როგოზინმა, რომელიც ВПК-ზეა [სამხედრო წარმოების კომისია] პასუხისმგებელი, განაცხადა, რომ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება. დმიტრი მედვედევმა კი განმარტა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის იარაღის ერთდროულად მიწოდების მიზანი მათ შორის ბალანსის შენარჩუნებაა და  რუსეთს რომ არ მიეყიდა იარაღი აზერბაიჯანისთვის, ის მესამე ქვეყნებში მაინც იყიდდა.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი