ახალი ამბები

ამომრჩევლების მოსყიდვა, პლაკატების დაზიანება და სხვა დარღვევები საიას საარჩევნო ანგარიშში

25 ოქტომბერი, 2018 • 1759
ამომრჩევლების მოსყიდვა, პლაკატების დაზიანება და სხვა დარღვევები საიას საარჩევნო ანგარიშში

ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში საპრეზიდენტო კანდიდატებს საშუალება ჰქონდათ, წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტუნარიან გარემოში წარემართათ.

საიაში აცხადებენ, რომ კანდიდატებს მიეცათ შესაძლებლობა, საარჩევნო პროგრამა და დაპირებები ამომრჩევლებისთვის გაეცნოთ. თუმცა დღეს, 25 ოქტომბერს, გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს შეფასებას ეხება, დარღვევებიც მოხვდა.

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

წინასაარჩევნო პერიოდში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ამომრჩევლებისთვის ე.წ. “საგარანტიო სერტიფიკატების” მიცემას საია ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის მცდელობად აფასებს.

საიას იურისტმა, ირმა პავლიაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ამ საკითხის შესასწავლად აუდიტის სამსახურსაც მიმართეს. მისივე თქმით, აუდიტმა პოლიტიკურ პარტიას ამ საკითხზე დამატებითი დოკუმენტაცია მოსთხოვა, თუმცა ამ დრომდე ეს ინფორმაცია პარტიას აუდიტისთვის არ წარუდგენია.

საქმე ეხება პარტიის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში საგარანტიო სერტიფიკატების დარიგებას, სადაც ეწერა, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აუნაზღაურდებოდათ ის ზარალი, რაც მათი თქმით, ბანკებმა, ასევე სხვადასხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა მიაყენეს. ამისთვის უნდა შექმნილიყო ფონდი, რომელშიც მოხდებოდა ამ ფულის აკუმულირება და შემდეგ ხალხისთვის დარიგება.

საია-ს ინფორმაციით, 2018 წლის 27 ივნისს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ზუგდიდში მცხოვრებ 100 მოქალაქეს “გარანტიის სერტიფიკატი” გადასცეს.

“ამ შემთხვევაში ჩავთვალეთ, რომ ეს იყო ამომრჩევლის მოსყიდვა. პოლიტიკურმა პარტიამ ამომრჩეველს უნდა შესთავაზოს მისი ხედვა ბიუჯეტის გადანაწილებასთან დაკავშირებით. მაგალითად, განათლებაზე რამდენს დახარჯავს და ა.შ. ამ შემთხვევაში, მექანიზმი არ არის, რის საფუძველზეც ეს ფონდი შეიქმნება. ამისთავის საკანონმდებლო ბაზის შექმნაა საჭირო. ან ამ თანხის ამოღებას ჩინოვნიკებისგან და ბანკებისგან როგოც განახორციელებენ?! ამ კითხვებმა გააჩინა ვარაუდი, რომ ეს არის ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტი”, – ამბობს ირმა პავლიაშვილი

სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტები

წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატების პლაკატების დაზიანების ფაქტებიც გამოვლინდა. საიას ანგარიშში მოხვდა გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო ბანერების წითლად შეღებვა, წარწერით – “KGB”.

“ნეტგაზეთმა” ასეთი პლაკატები თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გადაიღო. “ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევები საქართველოს მასშტაბით რამდენიმე რეგიონში დაფიქსირდა.

საიას ანგარიშში “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის პლაკატების დაზიანების შემთხვევებიც შევიდა.

ე.წ ტექნიკური კანდიდატები

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ე.წ ტექნიკური კანდიდატების  გამოყენების შემთხვევაც დაფიქსირდა. საიაში აცხადებენ, რომ ე.წ. ტექნიკური კანდიდატების მიზანი არა არჩევნებში გამარჯვება, არამედ კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერა და საარჩევნო სუბიექტებისათვის დამატებითი რესურსის (დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სარეკლამო დრო) მოპოვებაა.

ე.წ ტექნიკური კანდიდატების არსებობით საარჩევნო კანონმდებლობა არ ირღვევა, თუმცა, როგორც ირმა პავლიაშვილი ამბობს, საპრეზიდენტო კანდიდატებს სხვა მხრივ შეუქმნეს “პრობლემა” და ეს საკითხი უკანონო შემოწირულობის სავარაუდო ფაქტებს უკავშირდება.

საიას ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანტიდატების, მიხეილ ანთაძის, ზვიად მეხატიშვილის, ზვიადი ბაღდავაძისა და ზვიად იაშვილის უფასო პოლიტიკური რეკლამების განთავსება გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ ჩაითვალა შემოწირულობად. საარჩევნო კანონმდებლობა კი პოლიტიკურ პარტიას რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ თანხის შეწირვას კრძალავს.

ე.წ ტექნიკური კანდიდატით სავარაუდო უკანონო შემოწირულობის ფაქტი დავით ბაქრაძის შემთხვევაშიც დაფიქსირდა. საიას ცნობით, პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი გორგაძემ უფასო პოლიტიკური რეკლამა დავით ბაქრაძის სასარგებლოდ განათავსა.

პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება

საიას ანგარიშში წინასაარჩევნო პერიოდში სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ერთი ფაქტი მოხვდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, იმერეთში საბავშვო ბაღიდან პედაგოგი გაათავისუფლეს. როგორც პავლიაშვილი განმარტავს, ამ ეტაპზე  ეს ფაქტი შესწავლის ფაზაშია.

ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ფაქტები

რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, სულ დაფიქსირდა ასეთი ხუთი ფაქტი. საიას ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს მხარდამჭერთა სიების შეგროვება დაევალათ. ირმა პავლიაშვილის ამბობს, რომ ერთ-ერთი ასეთი ფაქტი სამეგრელოში დაფიქსირდა.

მეორე ასეთი შემთხვევა გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალზე მისვლას უკავშირდება. 27 სექტემბერს თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილთან ერთად მივიდნენ გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან. ამ ვიზიტის შესახებ იმავე დღეს გაავრცელეს ინფორმაცია თბილისის მერიისა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებმა, ასევე, უწყებების ფეისბუკის გვერდებმა.

“ვინაიდან ეს  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და აგიტაციის ნიშნებს შეიცავდა, ჩავთვალეთ, რომ ეს იყო საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა და ცესკოს მივმართეთ, თუმცა მათ საჩივარი არ დააკმაყოფილეს. ცესკოში მიაჩნიათ, რომ ეს აგიტაცია არ იყო, რადგან ზურაბიშვილი იქ როგორც პარლამენტის წევრი, ისე იმყოფებოდა”, – ამბობს ირმა პავლიაშვილი.

როგორც ორგანიზაციის იურისტი განმარტავს, თუ სალომე ზურაბიშვილი მემორიალზე პარლამენტის წევრის სტატუსით იმყოფებოდა, საიტზე აღწერაში პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატად არ უნდა ყოფილიყო მითითებული. 

“ნებისმიერი საჯარო მოწოდება, რომელიც შეიცავს ამა თუ იმ კანდიდატის სასარგებლო ან საწინააღმდეგო აგიტაციას, ეს იქნება მოწოდება თუ სხვა, ჩაითვლება აგიტაციად. როცა სახელმწიფო უწყებების ვებ-გვერდებზე ხდება ამის ტირაჟირება, ეს არის ადმინისტრაციული რესურსი. ვფიქრობთ, ეს საკითხი სასამართლოში გავასაჩივროთ და ვნახოთ, რას დაადგენს სასამართლო”, – ამბობს პავლიაშვილი.

წინასაარჩევნო შეხვერების დროს საიამ კანდიდატისთვის ხელშეშლის მხოლდ ერთი ფაქტი გამოავლინა და ისიც ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის შემთხვევაში.

წინასაარჩევნო პერიოდში საიამ ფიზიკური დაპირისპირების სამი ფაქტი დააფიქსირა. ქუთაისში, თიანეთსა და კასპში “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ასევე აღირიცხა ჟურნალისტისთვის საქმიანობის სავარაუდო ხელშეშლის ერთი შემთხვევა. საიას ინფორმაციით, ქუთაისის საკრებულოი ფიზიკური დაპირისპირების დროს “ქუთასის პოსტის” ოპერატორს მუშაობის საშულება არ ჰქონდა.


2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველი პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს.  ჯამში, საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 46-მა კანდიდატმა გამოთქვა, თუმცა  საბოლოოდ რეგისტრაცია 25-მა  კანდიდატმა გაიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი