ახალი ამბები

სამართლის ახალი კურსი პოტერიადის სამყაროზე დაყრდნობით ინდოეთის უნივერსიტეტში

25 ოქტომბერი, 2018 • 1608
სამართლის ახალი კურსი პოტერიადის სამყაროზე დაყრდნობით ინდოეთის უნივერსიტეტში

BBC-ის თანახმად, ინდოეთის წამყვანი უნივერსიტეტი იწყებს სამართლის კურსს, რომელიც ჰარი პოტერის გამოგონილ სამყაროზეა დაფუძნებული.

ამ პროგრამის სახელია “ფანტასტიკური ლიტერატურისა და სამართლის გადაკვეთია — სპეციალური ფოკუსი როულინგის პოტერის სამყაროზე”. პროგრამაზე 40 სტუდენტს შეუძლია სწავლა დასავლეთ ბენგალის იურიდიულ მეცნიერებათა ეროვნულ უნივერსიტეტში.

კურსის ფარგლებში სტუდენტები გაავლებენ პარალელებს ჯოან როულინგის გამოგონილ სამყაროსა და რეალური სამყაროში არსებულ სამართლებრივ სტრუქტურებს შორის.

კურსის ავტორმა, პროფესორმა შუვიკ კუმარ გუჰამ, განაცხადა, რომ კურსის მიზანია “შემოქმედებითი აზროვნების განვითარება”.

გამოცემის ცნობით, სილაბუსში წერია, რომ კურსი შეეცდება უჩვენოს, როგორ ჰგავს ინდოეთში მცხოვრები ადამიანების სოციალური და კლასობრივი უფლებრივი მდგომარეობა როულინგის სამყაროში არსებულ “შინაური ელფების მონობას და მაქციების მარგინალიზაციას”.

შინაური ელფები ჯადოქრების უუფლებო მოსამსახურეები არიან, მაქციად ყოფნა კი ჯადოქართა საზოგადოებაში მძიმე სტიგმასთანაა დაკავშირებული.

BBC-ის თანახმად, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთშიც გავრცელებულია პრაქტიკა, როდესაც უნივერსიტეტები ცნობილი ნაწარმოებების შთაგონებით იგონებენ სასწავლო კურსებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი