ახალი ამბები

15 წლის გოგოზე, სავარაუდოდ, მისმა თანაკლასელმა სექსუალურად იძალადა

25 ოქტომბერი, 2018 • 3565
15 წლის გოგოზე, სავარაუდოდ, მისმა თანაკლასელმა სექსუალურად იძალადა

საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის სკოლაში 15 წლის გოგოზე სექსუალურად ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული წერილი, სადაც სააგენტო გოგოს ორსულობის შესახებ იუწყებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება თავდაპირველად 2018 წლის 16 მარტს სსკ-ის 140-ე მუხლით (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკის მიუღწეველ სხეულში) დაიწყო. თუმცა, თითქმის 7 თვის შემდეგ, 19 სექტემბერს, საქმეზე კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიება სსკ-ის 137-ე და 151-ე მუხლებით (გაუპატიურება და მუქარა) გაგრძელდა.

რამდენიმე მედიასაშუალების ინფორმაციით, საქმეში მუქარის ნაწილს თავად დაზარალებული და მისი მშობელი ადასტურებენ. როგორც ისინი აცხადებენ, გოგოზე სექსუალურად მისივე თანაკლასელმა, არასრულწლოვანმა პირმა იძალადა. მართალია, შსს-ს განცხადებაში დაფარულია როგორც დადანაშაულებულის, ასევე დაზარალებულს ნებისმიერი სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია, უწყების განცხადებაში ვკითხულობთ:

გამოძიების ფარგლებში, ახალციხის სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობაში დადანაშაულებული არასრულწლოვნის პირადი და საცხოვრებლის ჩხრეკა ჩატარდა. საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ არასრულწლოვნის თანატოლები”.

ამასთანავე, შსს დასძენს, რომ გამოძიების დაწყებისთანავე, 2018 წლის 21 მარტს, არასრულწლოვნის დედამ კატეგორიული უარი განაცხადა მისი შვილის ნაყოფისაგან დნმ-ის ნიმუშის აღებაზე. დედამ ასევე უარი განაცხადა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე, რომ დადგენილიყო, ჰქონდა თუ არა არასრულწლოვანს რაიმე სახის დაზიანება და განსაზღვრულიყო დაზიანების სიმძიმე და ხარისხი.

არასრულწლოვანს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის დასკვნაც გამოძიებისთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის, ადგილობრივმა ტელევიზიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გამოძიების დაწყებისა და ფაქტის გახმაურების შემდეგ გოგოს სკოლაში გარკვეული პრობლემები დაეწყო.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს, ასევე, ადგილობრივ რესურსცენტრს.

როგორც სოცმომსახურების სააგენტოში გვითხრეს, “სკოლაში მიმდინარე საკითხები განათლების სამინისტროს თანამშრომლობითა და მათი მეთვალყურეობით უნდა მოგვარდეს”. მათივე ინფორმაციით, რესურსცენტრის წარმომადგენლები არაერთხელ იყვნენ სკოლაში და გაესაუბრნენ დირექტორსა და პედაგოგებს. ამასთანავე, დაგეგმილია სკოლის მოზარდების მშობლებთან შეხვედრა სიტუაციის განმუხტვის მიზნით.

რაც შეეხება რესურსცენტრს, მათი თქმით, ისინი პროცესში განათლების სამინისტროსთან, სოცმომსახურების სააგენტოსთან, ფსიქოლოგიურ ცენტრთან და მანდატურის სამსახურთან ერთად დღემდე ჩართულნი არიან. თუმცა არ გვიპასუხეს სხვა კითხვებზე, მათ შორის, სკოლის მოსწავლეთა მშობლების მხრიდან გოგოს გარიცხვის შესაძლო მოთხოვნაზე.

აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელდა, თუმცა ნეტგაზეთმა ვერც ერთი უწყებისგან მისი დადასტურება ვერ შეძლო.

რაც შეეხება ძალადობაში ბრალდებულს, როგორც “სამხრეთის კარიბჭე” წერს, მისი მშობლები ბრალდებებს უარყოფენ. მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვნის მშობლებმა ის სხვა სკოლაში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი