ახალი ამბები

სააკაშვილი – “ავღანეთში არჩევნები ვაშაძემ მოიგო”, ცესკო – “შედეგები ჯერ არ დაუთვლიათ”

25 ოქტომბერი, 2018 • 2610
სააკაშვილი – “ავღანეთში არჩევნები ვაშაძემ მოიგო”, ცესკო – “შედეგები ჯერ არ დაუთვლიათ”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ავღანეთში მყოფ ქართულ საჯარისო კონტინგენტში საპრეზიდენტო არჩევნები უკვე ჩატარდა და იქ “ძალა ერთობაშიას” კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა.

სააკაშვილი ფეისბუკზე ერთ ბიულეტენსაც ავრცელებს, სადაც გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ნომერია შემოხაზული.

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ავღანეთის ორ სამხედრო ბაზაზე დისლოცირებული ქართველი ჯარისკაცების ხმები ჯერ დათვლილი არ არის. ავღანეთში სულ 875 ქართველი ჯარისკაცია დისლოცირებული.

ცესკოში აცხადებენ, რომ ეს ბიულეტენები დაილუქება, საქართველოში ჩამოვა და 28 ოქტომბერს, არჩევნების დასრულების შემდეგ გაიხსნება. შესაბამისად, უწყების განმარტებით, ჯერ უცნობია, ვინ რამდენი ხმა მიიღო.

ავღანეთში არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოდან ორი ჯგუფი გაემგზავრა, რომელთა შორის ცესკოს წარმომადგენლები და პარტიების მიერ დანიშნული პირებიც არიან.

ნეტგაზეთმა ვაშაძის შტაბს ჰკითხა, რაზე დაყრდნობით ავრცელებს სააკაშვილი ზემოხსენებულ ინფორმაციას. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი