ახალი ამბები

ISFED: საარჩევნოდ ხულოსა და ფოთის მაღალჩინოსნების გადადგომა კითხვის ნიშნებს აჩენს

25 ოქტომბერი, 2018 • 1176
ISFED: საარჩევნოდ ხულოსა და ფოთის მაღალჩინოსნების გადადგომა კითხვის ნიშნებს აჩენს

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) აცხადებს, რომ ხულოსა და ფოთის მუნიციპალიტეტებში გადადგნენ ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირები. საარჩევნო კოდექსით კი აკრძალულია საარჩევნო პერიოდში საკადრო გადაადგილებები.

ამ შემთხვევიის შესახებ საუბარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედურ ანგარიშში, რომელიც დღეს, 25 ოქტომბერს, გამოქვეყნდა.

ISFED-ის თქმით, აღნიშნული საკადრო ცვლილებები სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს აღნიშნული გადაწყვეტილების საკუთარი ნებით მიღებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, 10 ოქტომბერს მერის მოადგილე, ირაკლი თოფურია საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გადადგა. ორგანიზაციის განცხადებით, მისი გადადგომის ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია.

17 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია ხულოს მერის, გოჩა მელაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, რაც თავდაპირველად არ დადასტურდა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გოჩა მელაძეს 11 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე გაფორმებული ჰქონდა შვებულება, რომელიც 18 ოქტომბერს შეწყვიტა.

ISFED-ის თქმით, სამსახურში დაბრუნებულმა მერმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ერთადერთი მოადგილე ლაშა ბოლქვაძე და მოადგილედ დანიშნა ხულოს პოლიციის ყოფილი უფროსი ვახტანგ ბერიძე, რომელმაც პოლიცია საკუთარი განცხადების საფუძველზე 1 დღით ადრე – 17 ოქტომბერს დატოვა:

“მელაძემ საკადრო ცვლილებების განხორციელებისთანავე თავადაც დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ და მერის პოსტი ოფიციალურად დატოვა. შედეგად, მერის მოვალეობის შემსრულებლად ვახტანგ ბერიძე დარჩა. გოჩა მელაძემ ასევე დატოვა „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის პოზიცია, რომელიც, პრაქტიკულად, პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს წარმოადგენს.

მერის გადადგომასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება: გოჩა მელაძის მერის პოზიციიდან გადადგომაზე საუბარი აგვისტოს თვეში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძის დანიშვნისთანავე დაიწყო. ერთ-ერთი ვერსიით, გოჩა მელაძე გიორგი კვირიკაშვილის კადრი იყო. ვრცელდება ასევე ინფორმაცია შიდა პოლიტიკურ განხეთქილებასა და მერის თანამშრომლებთან ცუდი დამოკიდებულების შესახებაც” ,- ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კულუარული ინფორმაციით, საკადრო ცვლილება წინასაარჩევნო პერიოდში იმიტომ განხორციელდა, რომ მუნიციპალიტეტში შექმნილი სიტუაციის გამო, ღორჯომის თემში, რომელიც ყველაზე დიდი თემია მუნიციპალიტეტში და 16 სოფელს აერთიანებს, მმართველ პარტიას ვერ ექნებოდა არჩევნებზე მხარდაჭერა, რადგან მერიაში ამ თემიდან წამყვან თანამდებობაზე არცერთი კადრი არ მუშაობდა.

ISFED-ის განცხადებით, მერის გადადგომის მიზეზებთან დაკავშირებით ვრცელდება ასევე სხვა ვერსიებიც, მათ შორის ის, რომ მერის გადადგომა გამოწვეული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თვითმმართველობაში არსებული პრობლემების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციით.

19 ოქტომბერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ხულოელებს მერის მოვალეობის შემსრულებელად ვახტანგ ბერიძე წარუდგინა, ხოლო „ქართული ოცნების“ პარტიის შტაბის ხელმძღვანელად საქართველოს პარლამენტის წევრი ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი