ახალი ამბები

ტვ “კავკასია” 26 ოქტომბერს ივანიშვილთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

24 ოქტომბერი, 2018 • 3433
ტვ “კავკასია” 26 ოქტომბერს ივანიშვილთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

ტელეკომპანია “კავკასია” უარს აცხადებს, მონაწილეობა მიიღოს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და ჟურნალისტების შეხვედრაში, რომელიც 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

ამის მიზეზად ტელეკომპანია გაუგებარ ფორმატს ასახელებს.

“თუ ეს შეხვედრა არის პრესკონფერენცია, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არის შეზღუდული მასზე დასწრება სხვა მედიასაშუალებებისთვის, გარდა ხუთი ტელეკომპანიისა. თუ ეს არის რამდენიმე ტელეკომპანიის თოქ-შოუების წამყვანების ერთობლივი კომბინირებული გადაცემა, როგორც ეს იყო 23 ოქტომბერს, ეს ფორმატი ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია. ვისთან ერთად სურთ ჩვენს წამყვანებს დაჯგუფება და გადაცემის წაყვანა, ეს მათი გადასაწყვეტია და არა ბიძინა ივანიშვილის და მისი პიარსამსახურის. ასეთ ფორმატში იკარგება ინტერვიუს არსი, კითხვების თანმიმდევრობა, ლოგიკურობა და, შესაბამისად, აზრს კარგავს კითხვის დასმა”, – ნათქვამია “კავკასიის” განცხადებაში, რომელსაც ტელეკომპანიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ავრცელებს.

ტელეკომპანია მოუწოდებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ  ქართულ მედიას და უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბებული, აპრობირებული ფორმატები შესთავაზონ თანამშრომლობისთვის, რათა “აზრი არ დაეკარგოს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას და რესპონდენტთან ურთიერთობა არ იქცეს არსს მოკლებულ გამაღიზიანებელ სანახაობად”.

“მზად ვართ, დავესწროთ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ პრესკონფერენციას, სხვა მრავალ მედიასაშუალებასთან ერთად, რომლებსაც არაერთი კითხვა აქვთ ბიძინა ივანიშვილთან. ასევე მზად ვართ ერთი–ერთზე, კონკრეტულად ჩვენი არხისთვის განკუთვნილი ინტერვიუს ფორმატში შევხვდეთ “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს”, – ნათქვამია “კავკასიის” განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილი 26 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მაესტროს, ობიექტივის, პალიტრა ნიუსის, კავკასიისა და იბერიის ჟურნალისტებს იწვევს ინტერვიუზე. 26 ოქტომბრის ინტერვიუზე ისევ მიწვეულია რუსთავი 2-ც, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებელი არც ამ სიაშია.

რამდენიმე დღის წინ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ინტერვიუზე მიიწვია სამი ჟურნალისტი რუსთავი 2-დან, იმედიდან და ტვ პირველიდან. ინტერვიუ გუშინ, 23 ოქტომბერს, გაიმართა.

წინა ინტერვიუსგან განსხვავებით, ამჯერად არ დაუსახელებიათ ჟურნალისტები, ვისთანაც ივანიშვილის სურს ინტერვიუ.

“ოცნების” ცნობით, “ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” უზრუნველყოფს და პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის”.

ივანიშვილი ინტერვიუზე იწვევს “მაესტროს”, “ობიექტივს”, “პალიტრას”, “კავკასიას” და “იბერიას”

მასალების გადაბეჭდვის წესი