ახალი ამბები

ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში “ეთნიკური შუღლის გაღვივება” მედიას დააბრალა

24 ოქტომბერი, 2018 • 2135
ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში “ეთნიკური შუღლის გაღვივება” მედიას დააბრალა

“ქართული ოცნების” მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, ნინოწმინდაში ეთნიკურად სომეხ მოსახლეობასთან საკუთარ თურქოფობიულ განცხადებასთან დაკავშირებით “ეთნიკური შუღლის გაღვივება” მედიას დააბრალა — მისი თქმით, შუღლს ის აღვივებს, ვინც “არასწორ ინფორმაციას” ავრცელებს.

“ვინც არასწორ ინფორმაციას ავრცელებს ამ კუთხით, ის … აღვივებს [ეთნიკურ შუღლს] და გააქვს გარეთ ასეთი თემები, ეს არის საქართველოსთვის ცეცხლთან თამაში. ამისი უფლება არავის არა აქვს არცერთ თემაზე, რომ ჩვენ გავიტანოთ გარეთ ისეთი თემები, რომელიც არც შემოწმებული არის, არც არაფერ საფუძველზე არ არის და ამაზე აპელირება და ამითი სპეკულირება არის, მგონი, ანტიქართული გამოხტომა”, -განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა ოქტომბრის დასაწყისში ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოსახლეობასთან შევედრისას ქსენოფობიური შინაარსის განცხადება გააკეთა და უარყოფით კონტექსტში მოიხსენია მიხეილ სააკაშვილის მიერ თურქებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება:

“აქამდე მოქალაქეობის მინიჭება იყო მხოლოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. ერთმა პრეზიდენტმა, რომლის წარმომადგენელიც არის ჩემი ოპონენტი, ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა”, — უთხრა მან მოსახლეობას.

ამ საკითხზე  დავით ბაქრაძემ დაუსვა კითხვა ზურაბიშვილს 24 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე საპრეზიდენტო დებატებში. ზურაბიშვილმა ბაქრაძეს უპასუხა, თქვენ აღვივებთ ამ ეთნიკურ შუღლსო.

ზურაბიშვილმა “ტყუილი ციტატა” უწოდა იმას, რაც ნამდვილად თქვა:

“მე ვადარებდი იმ პირობებს, როდესაც ორმაგი მოქალაქეობა იყო მხოლოდ მინიჭებით და ორი სხვადასხვა პრეზიდენტი სხვადასხვანაირად იქცეოდნენ. იმისთვის, რომ მეთქვა, რომ ამ დღიდან, როცა ახალი კანონი და კონსტიტუციაა მიღებული, ყველას ერთნაირად შეუძლია ისარგებლოს იმავე პირობებით, რაც არის ჩაწერილი ჩვენს კონსტიტუციაში და ჩვენს კანონმდებლობაში”.

“ბოლოს და ბოლოს, აღზრდილი ვარ ევროპაში, სადაც ტოლერანტობა არის იმავე დონეზე, როგორც არის და იყო ქართულ კულტურაში შემწყნარებლობა. ეს ორი კულტურა არის ჩემში. არცერთი გამოსვლა არ ყოფილა სწორედ იმ კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ან თბილისში, სადაც მე ეს ტოლერანტობა არ ვახსენე, როგორც ერთ-ერთი იმ ფასეულობებიდან, რომელიც ჩვენ უნდა გავიტანოთ ევროპაში, იმიტომ, რომ შეიძლება ზოგჯერ ევროპა კარგავდეს დღეს ამ ფასეულობას”.

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარის, გიორგი მშვენირაძის,აზრით, ზურაბიშვილის აღნიშნული განცხადება “ძალიან სახიფათოა, რადგან ეს აღვივებს თურქოფობიას”: “ორმაგად საზიანოა, როდესაც მსგავსი განცხადება კეთდება იმ ეთნიკურ ჯგუფთან სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც აქვს გარკვეული ტკივილიანი კავშირები თურქეთამდე არსებულ ოსმალეთის იმპერიასთან. მსგავსი გამოხატვა ჯდება კანონის ფარგლებში, თუმცა ძალიან დამაზიანებელია”.

ზურაბიშვილი ნინოწმინდელ სომხებს: სააკაშვილმა მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, თქვენ – არა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი