ახალი ამბები

დავით ბაქრაძე: წარსული არის წარსული

24 ოქტომბერი, 2018 • 1242
დავით ბაქრაძე: წარსული არის წარსული

ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველოს” საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდმა სიკეთესთან ერთად პრობლემებიც მოიტანა, თუმცა “წარსული არის წარსული” და “მუდამ წარსულზე არ უნდა ვსაუბრობდეთ”.

საპრეზიდენტო დებატებში საზოგადოებირი მაუწყებლის მოდერატორმა, გიორგი გვიმრაძემ ბაქრაძეს ჰკითხა: “თქვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან აღინიშნა, რომ თქვენ მოახერხეთ გარკვეული შეცდომების გადაფასება ენმ-ისგან განსხვავებით. თქვენ ახსენეთ სიტყვა დანაშაულიც. რა გადააფასეთ კონკრეტულად, რა შეცდომაზე და რა დანაშაულზე საუბრობთ”?

ბაქრაძემ უპასუხა, რომ 9 წელმა, რომლის განმავლობაშიც ენმ იყო ხელისუფლებაში, ბევრი ცვლილება მოიტანა:

“როდესაც ჩავიბარეთ საქართველო 2003 წელს, იყო ჩაბნელებული, დანგრეული, კორუმპირებული ქვეყანა, სადაც ადამიანები ვერ ხედავდნენ საკუთარ მომავალს. ეს ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვნად შეიცვალა 2012-მდე, მაგრამ 2012-ში ამომრჩეველმა გვითხრა უარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერ კარგთან ერთად ხდებოდა ცუდიც. იყო პრობლემაც, ხდებოდა დანაშაულიც, ყველაფერი ის, რამაც ამომრჩევლის თვალში გადაფარა კარგი, რაც გაკეთდა იმ წლების განმავლობაში”.

ამ მიზეზების გამო, ბაქრაძის შეფასებით, “ევროპული საქართველოს” — პარტიის, რომელიც ენმ-ს გამოეყო — განაცხადი შემდეგნაირია:

“ჩვენ ვართ ობიექტურები წარსულის შეფასებაში. კარგშიც და ცუდშიც. შეცდომებშიც და გაკეთებულ საქმეშიც, მაგრამ არის ერთი “მაგრამ”. ქართული ოცნებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვსაუბრობთ მუდმივად წარსულზე. წარსული არის მნიშვნელოვანი, მაგრამ წარსული არის წარსული და ჩვენ უნდა წავიდეთ წინ”.

მისი შეფასებით, ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, ამ საკითხს უკავშირდება: “დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც მუდმივად ცდილობს ისაუბროს წარსულზე, მუდმივად ებრძვის წარსულს, რომელიც მუდმივად ახდენს წარსულის დემონიზაციას და ცდილობს, რომ წარსულით დააშინოს ადამიანები და დააკარგინოს მომავალი”.


საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მიმდინარე დებატებში მონაწილეობენ “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, “ევროპული საქართველოს” კანდიდატი დავით ბაქრაძე და “ნაციონალური მოძრაობის” (“ძალა ერთობაშია”) კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. დებატების მოდერატორია გიორგი გვიმრაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი