ახალი ამბები

გრიგოლ ვაშაძე: არავითარი “კავკასიური შურისძიების” გრძნობა არ მამოქმედებს

24 ოქტომბერი, 2018 • 1740
გრიგოლ ვაშაძე: არავითარი “კავკასიური შურისძიების” გრძნობა არ მამოქმედებს

“სასაცილოა, რომ მე ვიღაცამ რევანშისტობა დამაბრალოს იმიტომ, რომ მთელი ჩემი განვლილი გზა კომპრომისის ძებნაა და ეს ჩემი პროფესიის შემადგენელი ნაწილია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ არავითარი, ასე ვთქვათ, კავკასიური შურისძიების გრძნობა ხელისუფლების მიმართ მე არ მამოქმედებს”, — ასე უპასუხა პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას”საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საპრეზიდენტო დებატებში მოდერატორის კითხვას,  რა რესურსს ხედავს ხელისუფლებასთან თანამშრომლობისათვის.

მანამდე მოდერატორმა, გიორგი გვიმრაძემ ვაშაძეს ჰკითხა, რამდენად შეძლებს იყოს “ყველას პრეზიდენტი” და “ზეპარტიული პრეზიდენტი”. ამ კითხვის დასმამდე გვიმრაძემ მოიყვანა ციტატა, რომელიც, მისი თქმით, რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ეკუთვნის, — ყველას “მოეთხოვება [პასუხი]”, თუკი ხმას მისცემს თქვენს ოპონენტსო.

ვაშაძემ ასე უპასუხა:

“მინდა შეგახსენოთ, რომ მე არცერთი პარტიის წევრი არ ვიყავი და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” შევედი 2017 წლის 21 იანვარს მხოლოდ და მხოლოოდ იმიტომ, რომ რამე რომ მოუვიდეს ენმ-ს, ან რუსთავი2-ს, საქართველოში ყვირილს კი არა, ჩურჩულს ვერ გაიგონებს ვერავინ”.

ვაშაძემ განაცხადა, რომ არ გაუჭირდება პარტიის დატოვება, როგორც ამას კონსტიტუცია ავალდებულებს:

“თითქმის 5 წელიწადი ვიყავი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ამ დროისათვის შეგიძლიათ შეამოწმოთ, ჩვენ სამინისტროში არც პოლიტიკური და არც სხვა იდეოლოგიური ნიშნით არავინ სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ. კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩემთვის პრაქტიკა, როდესაც ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ბოიკოტს უცხადებდა თავისუფალი მედიის ზოგიერთ საშუალებას და იქ არ მიდიოდნენ”,- განაცხადა კანდიდატმა.


დებატებში მონაწილეობენ “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, “ევროპული საქართველოს” დავით ბაქრაძე და “ნაციონალური მოძრაობის” (“ძალა ერთობაშია”) კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

დებატების მოდერატორია გიორგი გვიმრაძე.

საქართველოში მე-7  საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი