ახალი ამბები

ბაქრაძე სალომე ზურაბიშვილზე – სტუდიაში შემოსვლისას მე და ვაშაძეს არ მოგვესალმა

24 ოქტომბერი, 2018 • 16247
ბაქრაძე სალომე ზურაბიშვილზე – სტუდიაში შემოსვლისას მე და ვაშაძეს არ მოგვესალმა

“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში შესვლისას სალომე ზურაბიშვილი მას და გრიგოლ ვაშაძეს არ მიესალმა.

ეს განცხადება ბაქრაძემ 24 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პრეზიდენტობის კანდიდატების დებატებისას გააკეთა, როცა ჟურნალისტმა ბაქრაძეს ჰკითხა, იქნება თუ არა იმ ხალხის პრეზიდენტიც, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ და რომლებსაც სტუდიაში წარმოადგენენ ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე.

“ყველას პრეზიდენტი ვიქნები, რადგან საქართველოს ზეპარტიული პრეზიდენტი მართლაც სჭირდება. თუმცა ზეპარტიული პრეზიდენტი არა ისე, როგორც ზურაბიშვილი საუბრობს. ის ამბობს, რომ ყველას პრეზიდენტი იქნება, თუმცა ამ სტუდიაში შემოსვლისას მე და გრიგოლ ვაშაძეს გამარჯობა არ გვითხრა. როგორც შეიძლება ის ყველას პრეზიდენტი იყოს მაშინ, როცა გამარჯობას არ გეუბნება”,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატის ამ ნათქვამს სალომე ზურაბიშვილმა არ უპასუხა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მიმდინარე დებატებში მონაწილეობდნენ “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, “ევროპული საქართველოს” კანდიდატი დავით ბაქრაძე და “ნაციონალური მოძრაობის” (“ძალა ერთობაშია”) კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი