ახალი ამბები

ივანიშვილი ინტერვიუზე იწვევს “მაესტროს”, “ობიექტივს”, “პალიტრას”, “კავკასიას” და “იბერიას”

24 ოქტომბერი, 2018 • 4064
ივანიშვილი ინტერვიუზე იწვევს “მაესტროს”, “ობიექტივს”, “პალიტრას”, “კავკასიას” და “იბერიას”

ბიძინა ივანიშვილი 26 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მაესტროს, ობიექტივის, პალიტრა ნიუსის, კავკასიისა და იბერიის ჟურნალისტებს იწვევს ინტერვიუზე. 26 ოქტომბრის ინტერვიუზე ისევ მიწვეულია რუსთავი 2-ც, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებელი არც ამ სიაშია.

რამდენიმე დღის წინ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ინტერვიუზე მიიწვია სამი ჟურნალისტი რუსთავი 2-დან, იმედიდან და ტვ პირველიდან. ინტერვიუ გუშინ, 23 ოქტომბერს, გაიმართა.

წინა ინტერვიუსგან განსხვავებით, ამჯერად არ დაუსახელებიათ ჟურნალისტები, ვისთანაც ივანიშვილის სურს ინტერვიუ.

ინტერვიუს განმავლობაში ივანიშვილმა დიდი დრო დაუთმო ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე საუბარსა და მის კრიტიკას.

ერთ ეპიზოდში ივანიშვილმა განაცხადა, რუსთავი 2-ს აღარ ექნება საშუალება, მოახერხოს, რომ განსხვავებული აზრი არ შევიდეს ტელევიზიაში, ჩაკეტოს და მძევლად აიყვანოს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. “ოცნების” დღევანდელ პრესრელიზში ამასთან დაკავშრებით წერია:

“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მოწოდება მინიმალური მედიასტანდარტის დაცვისა და განსხვავებული აზრის პატივისცემისკენ,ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ შეფასებული იქნა როგორც მუქარა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის მცდელობა. სწორედ ამიტომ, პარტიის თავმჯდომარე რუსთავი 2-ს 26 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზეც იწვევს, რათა ამ ტელევიზიას  მიეცეს საშუალება, ნებისიერ თემაზე დასვას კითხვები და შეასრულოს განსხვავებული აზრის საკუთარ მაყურებლამდე  მიტანის ვალდებულება”.

“ოცნების” ცნობით, “ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” უზრუნველყოფს და პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი