ახალი ამბებიკომენტარი

ღია ცის ხელშეკრულება და რუსული ინტერპრეტაციები

24 ოქტომბერი, 2018 • 5052
ღია ცის ხელშეკრულება და რუსული ინტერპრეტაციები

22 ოქტომბერს ეუთოს საკონსულტაციო კომისიამ 2019 წლის ღია ცის ხელშეკრულების ფარგლებში ფრენების  განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო.  რითაც, თავის მხრივ, დროებით მოგვარდა 2017 წელს დაწყებული დავა.

2018 წლის კვოტების გადანაწილებისას, რუსეთი მოითხოვდა საქართველოზე ფრენების განხორციელებას, რაზეც საქართველოს პახუსი იყო ცალსახა, ის არ დაუშვებდა საქართველოზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სადაზვერვო ფრენებს მანამ, სანამ რუსეთი არ მოხსნიდა 2010 წლის გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან/ცხვინვალის რეგიონთან 10-კილომეტრიან დისტანციაზე მიახლოების  შესახებ. 25 სექტემბერს Russia Today-თან მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების გაუვრცელებლობისა და კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ერმაკოვმა განაცხადა, რომ საქართველო, აშშ-ის მხარდაჭერით, ძირს უთხრის ღია ცის შესახებ მრავალმხრივ შეთანხმებას. აღნიშნული ბრალდებების სერია, როგორც ზემოთ აღინიშნა, ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში დაიწყო.

ღია ცის ხელშეკრულება სამართლიანად შეგვიძლია მივიჩნიოთ ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტად, რომლის განხილვაც გამუდმებით ხდება რუსული მედიის მიერ. საკითხის დღის წესრიგში გააქტიურება გამოიწვია ღია ცის ხელშეკრულების ფარგლებში 2018 წლის ფრენების ჩაშლამ. გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულების ფორმატი დახურულია და შეთანხმებაც ტექნიკური დეტალების ერთობლიობას წარმოადგენს, თემა სურვილისამებრ ინტერპრეტირებულია რუსი პოლიტოკოსების მიერ. რუსული მედია, რომელიც სულ უფრო მეტს საუბრობს ღია ცის შესახებ ხელშეკრულების დარღვევებზე, ქართული მხარის ბრალეულობასა და საქართველოს მიერ ხელშეკრულების პოლიტიზების შესახებ, ფაქტების მიკერძოებულად გაშუქებითა და კონსპირაციული ეჭვების გაღვიღებითაა დაკავებული.

ხელშეკრულება “ღია ცის შესახებ” და დავის დაწყების მიზეზები

ხელშეკრულება ღია ცის შესახებ მონაწილე 34 წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ ისინი თავიანთ ტერიტორიაზე დაუშვებენ სადამკვირვებლო ფრენებს, რათა ჰქონდეთ ლეგალური ინფორმაცია ერთმანეთის სამხედრო პოტენციალის შესახებ. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების წევრებს ეკრძალებათ ფრენების განხორციელება, წევრი ქვეყნის ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელიც 10 კმ-ზე ნაკლები მანძილით არის დაშორებული ისეთი მესამე ქვეყნის საზღვრიდან, რომელიც არ მონაწილეობს ხელშეკრულებაში. აღნიშნული პუნქტი რუსეთმა 2010 წელს გამოიყენა, ხელშეკრულების დანარჩენი წევრი სახელმწიფოებისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ საზღვრებთან 10 კმ-ზე ნაკლებ დისტანციაზე მიახლოების შეზღუდვის მიზნით. საქართველოს მხრიდან 2-წლიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, რის შედეგადაც 2012 წელს საქართველომ განაცხადა, რომ საქართველო აღარ მიიღებდა თავის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით, ამასთან, თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, არ განახორციელებდა სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. საგულისხმოა, რომ საქართველო დარჩა ღია ცის შესახებ ხელშეკრულების მონაწილედ ყველა სხვა სახელმწიფოსთან მიმართებით.

ხელშეკრულების გარშემო არსებული დღევანდელი მდგომარეობა და რუსული ინტერპრეტაციები

საქართველოს მხრიდან რუსეთის დარღვევების საპასუხოდ მიღებული 2012 წლის  გადაწყვეტილება ოთხი წლის განმავლობაში კრემლის მხრიდან პრეტენზიების გარეშე ფუნქციონირებდა, მანამ, სანამ რუსეთმა 2016 წელს კვლავ არ მოითხოვა საქართველოზე ფრენების დაშვება. რაზეც საქართველოს პასუხი იყო შემდეგი,  სანამ რუსეთი უკან არ წაიღებდა 2010 წლის შეზღუდვას და ხელშეკრულების ფარგლებში აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად წარმოჩენის სურვილს, მანამდე საქართველო ეხსნებოდა რუსეთთან ღია ცის ხელშეკრუელბით ნაკისრ ვალდებულებებს. პარტნიორების მოწოდებით, რუსეთმა საქართველოზე ფრენების მოთხოვნა წლიურ დოკუმენტში არ მოითხოვა, რითიც ინცინდენტი დროებით მოგვარდა. თუმცა 2018 წლის 23 აპრილს რუსეთმა კვლავ მიმართა ხელშეკრულება ღია ცის შესახებ საკონსულტაციო კომისიას საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების ჩატარების მოთხოვნით. პროცედურულად, აღნიშნული მიმართვა იმ დოკუმენტის ნაწილს წარმოადგენდა, რომელშიც გაწერილია 2018 წლის ყველა ფრენა (აქტიური კვოტების გადანაწილება და ა.შ). დოკუმენტის პროექტზე კონსენსუსის ვერმიღწევა მთლიანად დოკუმენტის ჩავარდნას ნიშნავდა გამომდინარე იქიდან, რომ შეთანხმება უნდა მიიღწეს მთლიან დოკუმენტზე და არა სათითაოდ თითოეული ქვეყნის ფრენების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა კარგად იცოდა საქართველოს რეაქცია რუსეთის სადამკვირვებლო ფრენების დაშვებასთან დაკავშირებით, მას უკან არ გაჰქონდა აღნიშნული მოთხოვნის დოკუმენტში ჩაწერა, რითიც პროვოცირება მოახდინა მთლიანი დოკუმენტის ჩავარდნის. შედეგად, 2018 წლის ფრენები სრულად ჩაიშალა.

თუმცა, 22 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა 2019 წლის კვოტების გადანაწილების დროს საქართველოზე ფრენების მოთხოვნა უკან წაიღო. აღსანიშნავია, რომ შენარჩუნდა 2010 წლის რუსეთის გადაწყვეტილება (აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით) და, შესაბამისად, შენარჩუნდა საქართველოს 2012 წლის გადაწყვეტილება, აუკრძალოს რუსეთს საქართველოზე ფრენის განხორციელება. საგულისმოა, რომ 2018 წელს რუსეთის სიჯიუტე მიმართული იყო იმისკენ, რომ ღია ცის ფრენების ჩაშლის შიშით ხელშეკრულების სხვა წევრები ზეწოლას განახორციელებდნენ საქართველოზე და აიძულებდნენ მას მიეღო რუსული სადაზვერვო თვითმფრინავები. საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოს პოზიციის მხარდაჭერამ რუსეთი ირიბად აიძულა, 2019 წლის ფრენების მოთხოვნაში საქართველოზე ფრენების განხორვიელება აღარ მიეთითებინა.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ “ღია ცის შესახებ” შეთანხმება ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმია სამხედრო მონიტორინგის თვალსაზრისით, რუსეთის მიერ მუდმივად ხდება მისით მანიპულირება. რუსეთი აცნობიერებს, რომ წევრ სახელმწიფოებს აქვთ ხელშეკრულების შენარჩუნების სურვილი და ცდილობს სხვადასხვა გზებით და ხელოვნურად შექმნილი პრობლემებით ხელშეკრულება თავისსავე ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენოს.   ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს პოზიცია არის ურყევი, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და არ დაუშვას რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დაფიქსირება. საერთაშორისო პარტნიორების ერთსულოვანმა მოქმედებამ და, შესაბამისად, საქართველოს ურყევმა პოზიციამ,   კრემლი აიძულა, 2019 წლის ფრენებზე შეთანხმების დოკუმენტში საქართველოზე ფრენების მოთხოვნა აღარ დაეფიქსირებინა. თუმცა საკითხი კვლავ მოუგვარებელია, გამომდინარე იქიდან, რომ თუკი ფრენების განხორციელება მომდევნო წლებში რუსეთის ინტერესებში არ იქნება, კრემლი მუდმივად შეეცდება იმავე ბერკეტის გამოყენებით ფრენების ჩაშლას.

ამავე თემაზე უფრო ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკის დოკუმენტებს  –

მასალების გადაბეჭდვის წესი