ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გეი ქორწინება, მარიხუანის ლეგალიზება – რით აშინებენ ფაშინიანის მხარდამჭერებს

24 ოქტომბერი, 2018 • 1608
გეი ქორწინება, მარიხუანის ლეგალიზება – რით აშინებენ ფაშინიანის მხარდამჭერებს

სომხეთის საპარლამენტო ფრაქცია დაშნაკციუტუნის წევრმა არმენუი კიურეგიანმა სომხეთის ეროვნულ კრებაში გამოსვლის დროს ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერებს დაფიქრებისკენ მოუწოდა და საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში შესაძლო რისკების შესახებ ისაუბრა. დეპუტატის გამოსვლა ჰომოფობიურ გამონათქვამებს მოიცავს:

“ჩვენი ქვეყანა სერიოზულად იყო ავად და ნიკოლ ფაშინიანმა და მისმა გუნდმა ძალიან წარმატებული ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა პოსტრევოლუციურ პერიოდში აღმოჩნდა, რომ სომხეთში სხვა “ინფექციურმა” დაავადებებმა იჩინა თავი”, – ამბობს დეპუტატი.

დაავადებებში ნიკოლ ფაშინიანის ოპოზიციაში მყოფი პარტიის წარმომადგენელმა ლგბტ თემის წარმომადგენელთა შესაძლო ქორწინებები და  მარიხუანის შესაძლო ლეგალიზება მოიაზრა.

მისი განცხადებით, ის სერიოზულ საფრთხეს ხედავს  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ვინაიდან “ეჭვი არავის ეპარება, რომ ფაშინიანის გუნდი მანდატების 2/3-ს აიღებს პარლამენტში, რაც შესაძლო საკონსტიტუციო ცვლილებებს ნიშნავს”.

“შეუძლია თუ არა ერთპარტიულ გადაწყვეტილებებს კანონმდებლობაში შეიტანოს ცვლილებები მარიხუანის გამოყენების ლეგალიზაციაზე, საკანონმდებლო დონეზე ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელთა ქორწინების შესაძლებლობაზე, მათ მიერ ბავშვების შვილებაზე, რუსული სამხედრო ნაწილების გაყვანის შესახებ სომხეთის ტერიტორიიდან, როგორც ეს საქართველოში მოხდა?! ვფიქრობ, არ არის მიზანშეწონილი, ასეთი სერიოზული პრობლემები მხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტოს”.

ნიკოლ ფაშინიანისა და მისი გუნდის სომხეთის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალები ნიკოლ ფაშიანიანს პროდასავლურ ლიდერად აცხადებენ და ამბობენ, რომ სომხეთის ახალი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობებს აფუჭებს. მსგავსი მოსაზრებების გასაქარწყლებლად ნიკოლ ფაშინიანს რუსეთთან “შესანიშნავი” უერთიერთობების შესახებ განცხადებების გაკეთება და ვლადიმერ პუტინთან რამდენჯერმე შეხვედრაც მოუწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი