ახალი ამბები

ყიფიანის ვერსია, რაც პროკურატურამ გამოაქვეყნა, არც ჩემთვის არის დიდად საიმედო, – ივანიშვილი

23 ოქტომბერი, 2018 • 1438
ყიფიანის ვერსია, რაც პროკურატურამ გამოაქვეყნა, არც ჩემთვის არის დიდად საიმედო, – ივანიშვილი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უარყოფს ინფორმაციას ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილისთვის ქრთამის მოთხოვნის შესახებ.

“ოქუაშვილის თემა რამდენი ხანია ტრიალებს. ვერც ეს კაცი ამბობს, ქრთამი რისთვის გადაიხადა და ვერც “რუსთავი 2″, რომელიც აქტიურად ეხმარება. [ჩანაწერის] ავთენტურობა არ დამტკიცდა. ყიფიანის ვერსია, რაც გამოაქვეყნა პროკურატურამ, არც ჩემთვის არის დიდად საიმედო”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სამ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ზაზა ოქუაშვილმა შანტაჟი დაიწყო იმიტომ, რომ დავალიანების გადახდა არ სურდა და ეს ისე წარმოაჩინა, თითქოს ტელევიზიას უხურავენ. სინამდვილეში კი, ივანიშვილის თქმით, “იბერიის” შენახვა “ძვირი არ ღირს”.

“რამდენად სანდოა კაცი, რომელიც 50 მილიონს სახელმწიფოს არ უხდის, ტელემაყურებლისთვის მიმინდია. თვითონ გამოვიდა და თქვა, რომ ივანიშვილმა მას აჩვენა 4 თითი, რომ ფული უნდა გადაეხადა და რატომ უნდა გადაეხადა და სად, ეს ვერ ახსნა. ბიუჯეტში ფულს არ იხდის, ტყუილად რას გადაიხდიდა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება სარდაფის ეპიზოდს, ბიძინა ივანიშვილმა კონკრეტული პასუხი არ გასცა ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის კითხვას იმის შესახებ, იცოდა თუ არა ფარცხალაძის მიერ ლევან ყიფიანის ცემის შესახებ. ამ კონტექსტში ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმაზე, რომ “გაუპატიურების მუქარის”  შესახებ ჩანაწერებშიც არაფერია და ამაზე მხოლოდ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია საუბრობდა.

“ჩანაწერებით არსად ჩანს არც გაუპატიურება, არც ივანიშვილის ჩარევა. სად ჩანს ან გაუპატიურება, ან სარდაფი, ჩანაწერებშიც მსგავსი არაფერი იკითხება, რასაც გაბუნია ამბობს. ლევან ყიფიანი მივიდა, მას შეაგინა და ოთარმა მას დაარტყა – ეს არის რაც აქ [ჩანაწერებში] ისმის”,- განაცხადა ივანიშვილმა.

კითხვაზე, იცოდა თუ არა ამ დაპირისპირების შესახებ, ივანიშვილმა უპასუხა, რომ “არ აქვს მნიშვნელობა, რის შესახებ იცოდა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი