ახალი ამბები

ადამიანის განავალში მიკროპლასტმასი აღმოაჩინეს

23 ოქტომბერი, 2018 • 1782
ადამიანის განავალში მიკროპლასტმასი აღმოაჩინეს

ადამიანის განავალში აღმოაჩინეს მიკროპლასტმასები, რაც შესაძლოა იძლეოდეს იმის საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ეს ნაწილაკები ჩვენი კვების ჯაჭვში ფართოდაა გავრცელებული.

CNN-ის ცნობით, ავსტრიელმა მეცნიერებმა შეისწავლეს რვა ადამიანის ორგანიზმის მიერ გამოყოფილი ფეკალიები. პილოტურ კვლევაში მონაწილეობდნენ ადამიანები ფინეთიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ავსტრიიდან.

ყველა მათგანის განავალში აღმოჩნდა მიკროპლასტმასების ერთ-ერთი სახეობა მაინც, რომელთა ზომაც 50-დან 500 მიკრომეტრამდე მერყეობდა.

ნიუ-იორკ ტაიმზი ასე აღწერს, თუ რა არის მიკროპლასტმასები: მომდევნო 60 წამის განმავლობაში მსოფლიოს ირგვლივ მყოფი ადამიანები 1 მილიონ პლასტმასის ბოთლსა და 2 მილიონ პარკს იყიდიან. მათ საბოლოოდ დაშლას 1 000 წელიწადზე მეტი დასჭირდება, თუმცა მათი უმრავლესობა მალევე დაიშლება უფრო მცირე ზომის ნაწილაკებად, რომლებსაც მიკროპლასტმასებს უწოდებენ.

გამოცემის ცნობით, ტრილიონობით ეს ნაწილაკი ბოლო დროს ხშირად გვხვდება ოკეანეებში, თევზებში, სასმელ წყალსა და სუფრის მარილში. ახლა კი ამ სიას ადამიანის ორგანიზმი ემატება.

თუმცა, როგორც CNN წერს,  კვლევის მასშტაბების გამო სპეციალისტები სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ. მათი თქმით, შეუძლებელია დაზუსტებით ვთქვათ, რომ მიკროპლასტმასები ადამიანების მიერ მიღებული საკვებიდან აღმოჩნდა განავალში.

კვლევის ავტორების თქმით, მეტი კვლევაა საჭირო იმისათვის, რომ დავადგინოთ, რას შეიძლება ეს მიგნება ნიშნავდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი