ახალი ამბები

პროტესტის შემდეგ სსსმ ბავშვს სკოლაში ინდივიდუალურ სპეცმასწავლებელს უნიშნავენ

24 ოქტომბერი, 2018 • 2600
პროტესტის შემდეგ სსსმ ბავშვს სკოლაში ინდივიდუალურ სპეცმასწავლებელს უნიშნავენ

მშობლის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში  ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე 12 წლის შვილს სკოლის დირექტორმა, ფსიქოლოგის რჩევით, თანაკლასელებთან ერთად ექსკურსიაზე წასვლაზე უარი უთხრა. როგორც მოზარდის დედა ამბობს, დირექტორი და ფსიქოლოგი მის შვილს თანაკლასელებთან მოსალოდნელი შესაძლო კონფლიქტისგან თავის არიდების მოტივით უკრძალავდნენ ექსკურსიაზე წასვლას.

მშობელმა და უფლებადამცველებმა ეს ფაქტი სოციალური ქსელის საშუალებით გააპროტესტეს, პასუხი კი განათლების სამინისტროს მოსთხოვეს. მშობლისა და უფლებადამცველ მარი კორკოტაძის ინფორმაციით, ოთხი დღის შემდეგ, განათლების სამინისტრომ ბავშვისთვის ინდივიდუალური სპეცმასწავლებლის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო ექსკურსია, მათივე ცნობით, ჩაიშალა, თუმცა მშობლების ნაწილი ბავშვებთან ერთად სკოლისგან დამოუკიდებლად თვითონ წავიდა.

სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა უფლებადამცველი, მარი კორკოტაძე განათლების სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. მისი თქმით, წლებია ამ მოზარდისთვის სწორედ ინდივიდუალურული სპეცმასწავლებლის დანიშვნას ითხოვენ:

“როგორც იქნა, ბავშვს ღირსეული სერვისი ეღირსება სკოლაში. აწი, ექსკურსიაზე წასვლასაც არავინ აუკრძალავს მას. ჩვენ ასევე ვითხოვდით ამ ბავშვისთვის პროექტის “ქცევის პოზიტიური მართვა” გაგრძელებას. სამწუხაროდ, სამინისტრო არ გაარძელებს ამ პროექტს. იმედი მაქვს, მხოლოდ ინდივიდუალური სპეცმასწავლებლის დანიშვნა საკმარისი იქნება და პრობლემა აღარ შეიქმნება სკოლაში.”

როგორც მარი კორკოტაძე ამბობს, უფლებადამცველები თვალყურს მიადევნებენ, რამდენად სწრაფად დაენიშნება 12 წლის ბავშვს ინდივიდუალურული სპეცმასწავლებელი. მისი თქმით, საქართველოში მხოლოდ ასეთი საჯარო პროტესტის შემდეგ გვარდება მსგავსი პრობლემები.

მშობლისა და უფლებადამცველის ინფორმაციით, იმის გამო, რომ მოზარდს აქამდე ინდივიდუალურ სპეცმასწავლებელს არ უნიშნავდნენ, რამდენიმე სკოლის დატოვება მოუწია.

ჰიპერაქტიური ბავშვის სინდრომის მქონე მოზარდის დედა ამბობს, რომ მისი შვილის უფლებების დასაცავად ბრძოლას განაგრძობს. მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბავშვმა თანატოლებთან ერთად თანასწორ გარემოში მიიღოს განათლება.

  • ნეტგაზეთი 12 წლის ჰიპერაქტიური ბავშვის სინდრომის მქონე მოზარდის საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს 19 ოქტომბერს დაუკავშირდა, სადაც კითხვებზე წერილობით პასუხს დაგვპირდნენ. განათლების სამინისტროდან ინფორმაცია და კითხვებზე პასუხები ჯერჯერობით არ მიგვიღია, შესაბამისად, მასალა მხოლოდ მშობელსა და უფლებადამცველზე დაყრდნობით მზადდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი