ახალი ამბები

ჩვენი ფრანკფურტში გასეირნება არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო – სალომე ზურაბიშვილი

23 ოქტომბერი, 2018 • 21424
ჩვენი ფრანკფურტში გასეირნება არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კულტურის სფეროს მოღვაწეებთან შეხვედრაზე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს პროგრამა გააკრიტიკა. ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანამ ვერ მოახერხა ამ უზარმაზარი შანსის სრულად გამოყენება:

“მე პრეტენზია არ მაქვს, რომ საქართველოს კულტურის ყველა დარგში მაქვს ისეთი ცოდნა, ან ვიცი რა უნდა გაკეთდეს. ზოგჯერ ვგრძნობ იმიტომ, რომ ქალი ვარ და ინტუიციით [ვხვდები], რა არ კეთდება ისე, როგორც უნდა კეთდებოდეს. მაგალითად, ვგრძნობ, რომ ამ წლის ფრანკფურტის ჩვენი გასეირნება არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. ჩვენ ვერ  გავიტანეთ ისე, როგორც უნდა გაგვეტანა ქართული კულტურა. გვქონდა უზარმაზარი შანსი და ეს შანსი ნახევრად გავიტანეთ. შეგვეძლო ბევრად მეტი, მაგრამ ეს ჩვენ წინ გვაქვს და ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ეს განცხადება ზურაბიშვილმა დღეს, რუსთაველის თეატრში კულტურის სფეროში დასაქმებულებთან შეხვედრაზე გააკთა. ზურაბშვილმა შეხვედრაზე კულტურის როლის შესახებ ისაუბრა და ამ სფეროს მუშაკებს დახმარება აღუთქვა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.

წელს ფრანკფურტის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსი და პავილიონი ჰქონდა. პავილიონზე, რომელიც 180 კვ. მეტრს იკავებდა, საქართველო   Georgia Made by Characters კონცეფციით წარსდგა.

წიგნის ცენტრის ცნობით, საქართველომ ფესტივალზე წარადგინა ქართული წიგნების 300-მდე თარგმანი, ქართველმა მწერლებმა კი მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა შეხვედრაში. მათივე ინფორმაციით, 300 წიგნიდან 130 წიგნი გერმანულ ენაზე იყო ნათარგმნი. ბაზრობაზე კი 50 ქართველი მწერალი წარდგა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში 400-ზე მეტი ღონისძიება გაიმართა გერმანიის, ავსტრიის და შვეიცარიის სხვადასხვა ქალაქში.

საქართველოს პავილიონის ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ აქ, ხოლო ვრცლად ქართული პროგრამის შესახებ, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი